ახლოვდება „სისხლისფერი მთვარის“ ნაწილობრივი დაბნელება - რა (არ) უნდა გავაკეთოთ ამ პერიოდში
1741807795
ამერიკაში მოღვაწე რამაზ ბლუაშვილი ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმს იღებს. ფილმის სამუშაო სახელია "ნათელი სიბნელეში". დიდი ნაწილი გადაღებულია კახეთსა და საგურამოში.
დიდი ქართველი მამულიშვილის როლი ბლუაშვილმა 88 წლის იმედა კახიანს ანდო. როგორც მსახიობი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს მისთვის დიდად საპასუხისმგებლო როლია. ის გაოგნებულია იმ სიკეთეებით და დიდი საქმეებით, რაც ექვთიმეს სამშობლოსთვის აქვს გაკეთებული.
იმედა კახიანი: ჩემო ძვირფასო, ამ როლს გენიოსი მსახიობები ინატრებდნენ. პასუხისმგებლობის გრძნობა სულ მქონდა, ნებისმიერი როლის თამაშისას, თუმცა როცა კლასიკას და ისტორიულ გმირს ეხები, გაცილებით საპასუხისმგებლოა. დიდი მოთხოვნილებაა, თამასა ზევით უნდა ასწიო. მე პლატონ სამანიშვილის როლის თამაშის დროსაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, ისიც კლასიკაა. "სამანიშვილის დედინაცვალი" იმ დროს საქართველოს ყველა თეატრში იდგმებოდა. და ელდარმა ეს როლი რომ მომცა, ძალიან ვეცადე რომ კარგად მეთამაშა.
უნდა ნახოთ, განძი რა ტანჯვით ჩაიტანა ექვთიმემ საფრანგეთში. შესანახი ფული რომ არ ჰქონდა, ამ ყუთების დამალვა დაიწყო. მერე პარიზში გერმანელების შესვლამ ახალი პრობლემები გააჩინა.
ექვთიმეს რუსის ქალი ჰყავდა ცოლად, პალტარატსკაია. შვილი არ ჰყოლიათ. ცხოვრობდნენ ლევილში და ეს ყუთები სარდაფში ჰქონდათ გადამალული. ზემოდან ნაგავი ეყარათ და უვლიდნენ. იქვე ათენებდნენ, პატრონობდნენ.
კვება უჭირდა. თხა იყიდეს, აძოვებდნენ და იმით იკვებებოდნენ. მერე ეს ქალი ავად გახდა, წამალი ვერ იყიდეს და გარდაიცვალა. იქ არის, ლევილში დაკრძალული. ერთხელ რეზო თაბუკაშვილი შემხვდა საფრანგეთში და წამიყვანა და მაჩვენა საფლავი. (ექვთიმეს ცოლის როლში კირა ანდრონიკაშვილია.)
მერე სტალინმა ჩამოიყვანა ზარ-ზეიმით და ლექციებს კითხულობდა. ერთხელ, ერთმა ოჯახმა სტუმრად დაპატიჟა. მივიდა ექვთიმე და ნახა, რომ დიასახლისს გულზე თამარ მეფის ჯვარი ჰკიდია. გადაირია. ეს საგანძური ძლივს დააბრუნა უკან და ხედავს, რომ აქ გულზე უკეთია ქალს. მიხვდა, რომ კაგებე ამ ფასდაუდებელ ნივთებს ან ყიდდა ან აჩუქებდა ან სახლში მიჰქონდა. იქვე კაგებემ შენიშნა, რომ ექვთიმემ ნახა ეს ჯვარი.
ხმა გაუვრცელეს, ნახევარზე მეტი განძი საფრანგეთში გაყიდაო. არადა, იმაზე მეტი დააბრუნა, ვიდრე წაიღო. ეს ფაქტი ფილმშიც არის გადაღებული.
დადიანებთან სახლში ისტორიული ნივთი ნახა და ისიც წამოიღო. დადიანებმა უჩივლეს, მაგრამ სასამართლო ექვთიმემ მოიგო. მან დაამტკიცა, რომ ეს საუკუნეების წინანდელი საქართველოს განძი იყო.
მოკლედ, განძი რომ უპოვეს, დააპატიმრეს, გააგდეს უნივერსიტეტიდან. ბრალს სდებდნენ, რომ გაყიდა დიდი ნაწილი. საინტერესოა, დაკითხვის სცენები. გიჟდება ექვთიმე, რას ჰქვია გავყიდეო. გაყიდვა კი არა მსოფლიოს მთავარი მუზეუმების დირექტორებმა ამ უნიკალური ნივთების გამოფენის საშუალების მიცემა ითხოვეს. ეს დიდ შემოსავალს მოიტანდა. ვერც ამაზე დაიყოლიეს. დაკარგვის ეშინოდა. მერე ლევილის მუზეუმის დირექტორმა სთხოვა ხელშეკრულება გავაფორმოთ, თუ ოდესმე რაიმე ნივთის გაყიდვას გადაწყვეტთ, პირველი ჩვენ შეგვატყობინეთო. არც ამაზე დათანხმდა. ისეთი წვალებით ჩამოიტანა აქ და სამშობლოში ცილს სწამებდნენ... მოკლედ, პროცესში ვართ. ვნახოთ რა გამოვა...