VIDEO: რა ნიშნებით ამოვიცნოთ პედოფილი ჩვენს გარშემო - რჩევები ბავშვის სწორი აღზრდისთვის

პედოფილი

ქვეყანაში პერიოდულად, სხვადასხვა ჯგუფის მეშვეობით მშობლების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შვილებს ვიღაც, საეჭვო პირი აედევნა, უთვალთვალებს, ასევე ხშირია პედოფილიის, ან ამის მცდელობის მაგალითებიც, სწორედ ამიტომ საჭიროა სიფრთხილე და ყველა ადამიანის ინფორმირება, რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სავალალო შემთხვევები.

როგორ ავუხსნათ პატარებს  სად სრულდება უცხო ადამიანის საზღვრები მათთან კომუნიკაციისას, ამასთან დაკავშირებით „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ფსიქოლოგი ანუკა მეუნარგია მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აჟღერებს.

„ბავშვთან ამ თემაზე საუბარს ადრეული ასაკიდან ვიწყებთ, რაც უფრო ადრეული ასაკიდან ეცოდინება მას საკუთარი საზღვრები, მით უფრო უკეთესია. 3-ნახევარი, სამი, ოთხი წელი, ეს უკვე ის პერიოდია, როცა ბავშვს ამ ინფორმაციას თამაშის სახით ვაწვდით. ვერ დავუჯდებით და ვეტყვით, პედოფილები საშიშები არიანო, ვერაფერს გაიგებენ. ვეუბნებით თამაშით, მისთვის გასაგები ენით. 

საზღვრის დაცვა, პირველ რიგში, მშობლებისგან იწყება. ხშირად გვინდა ხოლმე შვილს ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, ვაკოცოთ, მაშინ, როცა ისინი თამაშობენ. სასურველია, ამ დროს ბავშვისგან ნებართვა ავიღოთ, რომ შეიძლება თუ არა ჩავეხუტოთ და ვაკოცოთ. ეს იმის ცოდნას აძლევს უკვე მას, რომ თუ ვიღაცასთან მიდის ან მასთან მოდიან, სანამ ჩაეხუტებიან, ნებართვა უნდა აიღონ. ეს არის პირველი, რასაც ვაკეთებთ. 

შემდეგ, როცა წამოიზრდებიან, უკვე ვეუბნებით, რომ არსებობს დაფარული, ინტიმური ადგილები, რომელსაც ვიფარავთ საცვლებით ან საცურაო კოსტიუმით. ვუხსნით, რომ აქ შეხების უფლება არავის აქვს, მშობლებისა და იმ ექიმის გარდა, რომელსაც ისინი ირჩევენ. ესეც ინფორმაციაა. აქვე ვეუბნებოდით, რომ არც მას აქვს უფლება, ვინმეს დაფარულ ადგილას შეეხოს.“ - თქვა ფსიქოლოგმა.

აქვე, ანუკა მეუნარგია განმარტავს, რა ნიშნებით შეიძლება, რომ  ჩვენს გარშემო პედოფილი ამოვიცნოთ.

„ძალიან სამწუხარო და ცოტა საშიშია, კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვზე მოძალადეების დაახლოებით, 60% ბავშვის უშუალო გარემოში ცხოვრობენ. შეიძლება, ისინი იყვნენ ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესაური კავშირის მქონენი, აღმზრდელიც. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ეჭვის თვალით ვუყუროთ, თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია. ადამიანები, რომლებიც ბავშვთა მოედნებზე, სკოლებთან ბავშვის გარეშე იმყოფებიან, აკვირდებიან ბავშვებს, რაღაცებს სთავაზობენ, ესენი საფრთხედ შეიძლება აღვიქვათ.“ - განაცხადა ფსიქოლოგმა.