ცნობილია მოსამართლე, რომელმაც პოლიციის მიერ დაკავებული მოძალადე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

მოსამართლე

ცნობილია მოსამართლე, რომელმაც პოლიციის მიერ დაკავებული ცოლზე მოძალადე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურია.

წიკლაურის მიერ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მოძალადემ, გათავისუფლებიდან მეოთხე დღეს 26 წლის მეუღლეს ყელი გამოჭრა.

პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მამუკა წიკლაურის გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ცნობილია, რომ მან წინანდლის ტყეში მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთი ფიგურანტი ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მის სახელს უკავშირდება, 2020 წლის 29 ივნისს მომხდარი საქმე, რა დროსაც ბრალდებულმა დავით ნადაშვილმა მეგობარი და კიდევ ერთი პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობდა, რომ მოსამართლე წიკლაურმა სასამართლო  პროცესები ხელოვნურად გაწელა, რის შედეგადაც მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და გათავისუფლდა.  გარდაცვლილის ოჯახი მოსამართლის კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობდა.