"როცა გაიგო, ვერსად გაიქცეოდა, მატარებელს შეუვარდა..." - ნატაშა კამპუშის საქმე, რომელმაც 8 წელი სარდაფში გაატარა

111111

1998 წლის 2 მარტს, 10 წლის ნატაშა კამპუში სკოლაში მიდიოდა, როდესაც მასთან უცნობი მამაკაცი მივიდა და გაიტაცა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვის საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. იმ დროს არავინ იცოდა, რომ ეს საქმე ავსტრიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქეისი გახდებოდა.

გამტაცებელმა ნატაშა ვენის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, მის სახლში წაიყვანა და სარდაფში ჩაიყვანა. როგორც გაირკვა, მამაკაცს მსხვერპლისთვის წინასწარ ჰქონდა მომზადებული ოთახი. სარდაფს არ ჰქონდა ფანჯარა და ხმაც იზოლირებულად ისმოდა.

თვითმხილველების ჩვენებებიდან გაირკვა, რომ გამტაცებელი თეთრი მინივენის ტიპის მანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ასეთი მანქანების მფლობელთა სია შეადგინა და თითოეული მათგანი გამოკითხა. გამოკითხულებს შორის იყო დამნაშავე ვოლფგანგ პრიკლოპილიც, თუმცა მისი ალიბი სამართალდამცველებისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და მისი სახელი ეჭვმიტანილების სიიდან ამოიღეს.

თავდაპირველად, გამტაცებელი ბავშვს უჩვეულოდ კარგად ექცეოდა. ძილის წინ წიგნებს უკითხავდა და საჩუქრებითაც ანებივრებდა. გოგონას საყოფაცხოვრებო საქმიანობისა და სწავლის განრიგი დაუწესა და მაქსიმალურად ეხმარებოდა განათლების მიღებაში. 

ნატაშას ასაკთან ერთად თავდაჯერებულობაც ემატებოდა და პრიკლოპილს მეტად ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო, დამნაშავე ნატაშაზე ფიზიკურად ძალადობდა. გოგონა ტუალეტის ქაღალდებზე საიდუმლო ჩანაწერებს აკეთებდა. ერთ-ერთ ჩანაწერში მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ გაუსწორდა მას გამტაცებელი: "დაახლოებით 60 დარტყმა სახეში, 10-15 მუშტი თავში და ერთი ყურთან" - წერდა ის. 

გავრცელებული ვერსიით, დანაშაულის მოტივს პრიკლოპილის ჰიტლერის მიმართ სიყვარული წარმოადგენდა. მამაკაცი ნატაშას აშიმშილებდა, ამცირებდა, მძიმე სამუშაოს შესრულებას აძალებდა და თმაც კი გადაპარსა. გოგონას თქმით, ის ადოლფ ჰიტლერს აღმერთებდა და ცდილობდა, რომ ნატაშას თავი ფაშისტების მსხვერპლად ეგრძნო. მსხვერპლის თქმით, პრიკლოპილი მას კვირაში 200-ჯერ მაინც სცემდა. ბოლოს კი მას ნებართვის გარეშე საუბრის უფლებასაც არ აძლევდა.

ნატაშა კამპუშმა რვა წელი ტყვეობაში გაატარა. იგი პრიკლოპილისგან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, თუმცა იმედი მაინც არ დაუკარგავს და საბოლოოდ 2006 წლის 23 აგვისტოს გაქცევა მოახერხა. როდესაც გოგონა პრიკლოპილის მეთვალყურეობის ქვეშ მისივე მანქანას ალაგებდა, მამაკაცს ტელეფონზე დაურეკეს, რის გამოც ოდნავ მოშორებით მოუწია გასვლა. ნატაშამ დრო იხელთა, ეზოდან გაიქცა და მეზობლის სახლიდან სამართალდამცველებს დაურეკა.

შეშინებულმა პრიკლოპილმა თავდაპირველად გაქცევა სცადა, თუმცა, საბოლოოდ გადაიფიქრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

2010 წელს ნატაშა კამპუშმა თავისი პირველი წიგნი - "3096 დღე" გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2013 წელს მის ისტორიაზე ფილმი გადაიღეს.  2016 წელს კი მეორე წიგნი "თავისუფლების 10 წელი" დაწერა. დღეს ის წარმატებული მწერალი და აქტივისტია.