პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯეფრი დამერი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია, რომელმაც 17 მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის 1960 წელს, ვისკონსინის შტატში მდებარე ქალაქში დაიბადა და მშობლებთან და ძმასთან ერთად იზრდებოდა. დედ-მამის თქმით, ჯეფრი ენერგიული და ბედნიერი ბავშვი იყო, თუმცა, 4 წლის ასაკში გადატანილმა თიაქრის ოპერაციამ და რეაბილიტაციამ ბავშვში ცვლილება მოახდინა და სტრესის შედეგად ჯეფრი საკმაოდ ჩაკეტილი და არაკომუნიკაბელური გახდა.
ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა უჩვეულო ინტერესები. ერთ დღეს, მან მამასთან ერთად ეზოში ცხოველის გვამი იპოვა. ლიონელ დამერმა ჯეფრის აჩვენა თუ როგორ მოქმედებდნენ სხვადასხვა ქიმიკატები შემაერთებელ ქსოვილებზე, რამაც ჯეფრი საკმაოდ დააინტერესა და სწორედ აქედან გაჩნდა მისი ჰობი - გარდაცვლილ ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარება.
როგორც ჯეფრი იხსენებს, ნეკროფილიისკენ მიდრეკილება 14 წლის ასაკში დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, მშობლების განქორწინების შედეგად გადატანილმა სტრესმა კი, მისი სურვილები გაამძაფრა.
პირველი მკვლელობის დროს ჯეფრი სულ რაღაც 18 წლის იყო. 1978 წლის ივნისში მან სტივენ ჰიკსი გაიცნო, რომელიც კონცერტზე წასასვლელად ქუჩაში მიმავალი მანქანების გაჩერებას ცდილობდა. მან ბიჭი მშობლების სახლში შეიტყუა და ალკოჰოლი შესთავაზა. კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც სტივენის წასვლის დრო დადგა, რასაც ჯეფრის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ კი კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რაც 18 წლის სტივენის მკვლელობით დასრულდა.
მკვლელმა ბიჭის სხეული დაანაწევრა და სახლის უკანა ეზოში დამარხა. მოგვიანებით კი გვამის ექსჰუმაცია მოახდინა და ჰიკსის ძვლები ჩაქუჩით დაამსხვრია.
ჯეფრი დამერის შემდეგი მსხვერპლი სტივენ ტუომია, რომელთან ერთადაც 1987 წელს სასტუმროში ღამის გატარება გადაწყვიტა. ადგილზე მისულებმა ალკოჰოლი დალიეს. მეორე დილით კი ახალგაღვიძებულმა ჯეფრიმ აღმოაჩინა, რომ სტივენი გარდაცვლილი იყო და სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, თუმცა მკვლელს გასული ღამიდან არაფერი ახოსვდა. როგორც ჯეფრის ჩვენებებიდან ირკვევა, მას მხოლოდ სტივენის ნარკოტიკული საშუალებით გაბრუება ჰქონდა განზრახული.
დამერმა გვამი ჩემოდანში მოათავსა და ბებიის სახლში გადაიტანა, სადაც იმ პერიოდისთვის ცხოვრობდა. მან ჩემოდანი სარდაფში ჩაიტანა და გარდაცვლილი სტივენის სხეული დაანაწევრა. ცნობილია, რომ ჯეფრი დანაწევრებულ სხეულზე მასტურბირებდა. ამასთან ერთად, როგორც ჯეფრის ჩვენებიდან ირკვევა, მას მსხვერპლის თავი რამდენიმე კვირა სახლში ჰქონდა შენახული.
სწრედ ტუომის მკვლელობის შემდეგ, ჯეფრის დანაშაულის განმეორებით ჩადენის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა. მან 1988 წელს ორი, 1989 წელს ერთი, ხოლო 1990 წელს კი ორი მამაკაცი მოკლა. საბოლოო ჯამში, მის მიერ მოკლულ მამაკაცთა რიცხვმა ჩვიდმეტს მიაღწია. მას მსხვერპლები სახლში მიჰყავდა, სადაც ნარკოტიკული საშუალებების დახმარებით უმწეო მდგომარეობაში აგდებდა და კლავდა. მათ გვამებს კი სწორედ ისე ექცეოდა, როგორც ეს სტივენ ტუომის შემთხვევაში გააკეთა. მსხვერპლის თავის ქალას და სასქესო ორგანოს კი სახლში ინახავდა.
1989 წლის სექტემბერში, ახალ ბინაში გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ, ჯეფრიმ ბინაში 13 წლის ბიჭი წაიყვანა. როგორც მოგვიანებით ჩვენებაში აღნიშნა, მას ბიჭისთვის ეროტიკული ფოტოების გადაღება სურდა და მისი ასაკის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, სასამართლომ ის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, ხუთი წლის ვადით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის მიუხედავად, ამავე წელს, ჯეფრიმ კიდევ ერთი ადამიანი - ენტონი სირსი მოკლა. მკვლელობამდე მას საძილე აბები მოტყუებით დაალევინა, თავის ქალა გაუხვრიტა და ქიმიური ნივთიერება ჩაასხა, რის შედეგადაც ენტონი გარდაიცვალა.
სასტიკ მკვლელობებთან ერთად, დამერმა მისივე მოგონილი რიტუალების ჩატარება დაიწყო. იგი ხშირად ატარებდა გვამებზე არაერთ ექსპერიმენტს, დაინტერესდა ლობოტომიით და საბოლოოდ კანიბალიზმმაც გაიტაცა. როგორც ჩვენებიდან ირკვევა, მისი ექსპერიმენტების მიზანი ადამიანების დაზომბირება და მარტივად დასამორჩილებელ მდგომარეობაში ჩაგდება იყო.
1991 წლის 27 მაისს დამერის მეზობელმა პოლიციაში დარეკა და აცნობა, რომ კორპუსის კორიდორში ნახევრად შიშველი აზიელი ბავშვი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯეფრიმ 14 წლის კონერაკ სინტასოფმონი სახლში შეიტყუა და ნარკოტიკით გააბრუა, თუმცა, ბიჭმა სახლის დატოვება მოახერხა და სამეზობლოს ყურადღებაც მიიქცია.
ჯეფრიმ პოლიცია მოატყუა, რომ კონერაკი მისი 19 წლის შეყვარებული იყო. სამართალდამცველებს ბინის დათვალიერების უფლებაც მისცა, თუმცა, ოფიცრებს დათვალიერებისას, განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენიათ და ჯეფრის ოთახში დამალული გვამი არ უნახავთ. პოლიციის ოფიცრების უყურადღებობა 14 წლის ბიჭისთვის ფატალურად დასრულდა, მათ ჯეფრის დაუჯერეს და კონერაკი მასთან დატოვეს. მარტო დარჩენის შემდეგ, ჯეფრიმ ბავშვს ტვინში ჰიდროქლორის მჟავა ჩაასხა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
ამის შემდეგ დამერმა კიდევ ოთხი მამაკაცი მოკლა.
1991 წლის 22 ივლისს კი მან ტრეისი ედვარდსი გაიცნო, რომელიც შინ დაპატიჟა. ბინაში ყოფნისას, ჯეფრი მას დანით დაემუქრა, თუმცა მამაკაცმა გაქცევა მოასწრო და ქუჩაში პოლიციის მანქანის გაჩერება შეძლო. სამართალდამცველები შემოწმების მიზნით დამერის ბინაში შევიდნენ, სადაც დანაწევრებული გვამების ფოტოები ნახეს. ჯეფრის დაკავების შემდეგ კი, მისი საცხოვრებელ ბინაში მაცივარსა და საყინულეში შენახული სამი ადამიანის თავი, გული, თავის ქალა და მრავალი სხვა მტკიცებულება აღმოაჩინეს, რაც ჯეფრის მიერ ჩადენილ არაერთ სასტიკ დანაშაულზე მიუთითებდა.
სამართალწარმოების პროცესის დაწყებისთანავე, ჯეფრიმ ყველაფერი აღიარა და დეტალურად ისაუბრა ჩადენილი დანაშაულების შესახებ. საბოლოოდ, მას 15 უვადო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ის 1994 წელს, ციხეში სამუშაოს შესრულების დროს, ერთ-ერთმა პატიმარმა მოკლა.