ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
1984 წელს, ფლორიდაში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელმაც რვა თვის განმავლობაში, ათი ქალი გაიტაცა, მათზე სექსუალურად იძალადა და მოკლა. ტამპა-ბეის რაიონში მცხოვრები ქალბატონები განსაკუთრებულად შეშინებულნი იყვნენ. ყველამ იცოდა, რომ ქუჩაში მკვლელი თავისუფლად გადაადგილდებოდა, თუმცა ერთმა ჭკვიანმა თინეიჯერმა გოგონამ ყველაფერი შეცვალა.
ამავე წლის 3 ნოემბერს, 17 წლის ლიზა მაქვეი სამსახურის ღამის ცვლიდან ველოსიპედით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც უკნიდან უცნობმა მამაკაცმა აიყვანა. გოგონამ ყვირილი დაიწყო, თუმცა გამტაცებელი მას დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა და ლიზას ისღა დარჩენოდა, რომ გამტაცებლის ინსტრუქციები ზედმიწევნით შეესრულებინა.
სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გოგონას იარაღით ემუქრებოდნენ. მას ოჯახშიც საკმაოდ მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება. ლიზას დედა ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც მას ბებიასთან საცხოვრებლად გადასვლა მოუწია. საუბედუროდ, თინეიჯერ ლიზას ბებიის სახლშიც არ დახვდა ის ოჯახური ჰარმონია, რომელსაც ასე ელოდა. მასზე ხშირად ძალადობდა ბებიის მეგობარი მამაკაცი, როგორც ფიზიკურად, ისე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად. სწორედ ამ ადამიანისგან ხდებოდა ლიზა იარაღით მუქარის მსხვერპლი.
ლიზა გამტაცებელს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რასაც იგი მოითხოვდა. მამაკაცმა გოგონა დააბა, თვალები აუხვია და მანქანაში ჩასვა. მსხვერპლს მაშინვე ჩაერთო თვითგადარჩენის ინსტინქტი და შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში, მაინც შეეცადა, ყველა იმ დეტალის დამახსოვრებას რისი დანახვაც, მოსმენაც და შეგრძნებაც შეეძლო. თავდაპირველად მან დაინახა, რომ მანქანას წითელი ხალიჩა და თეთრი სავარძლები ჰქონდა და ისიც გააანალიზა, რომ ის ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობდა, საბოლოოდ კი, სახლთან გაჩერდა. საცხოვრებელში შესვლამდე ასასვლელი კი კიბეების დათვლა მოახერხა. გამტაცებელი 26 საათის განმავლობაში ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა გოგონაზე.
ძალადობის დროს ლიზას თვალები ახვეული ჰქონდა, თუმცა მაინც მოახერხა დამნაშავის სახის დამახსოვრება. მოძალადემ გოგონას ხელი სახეზე დაადებინა, რა დროსაც ლიზამ შეძლო იმ ფიზიკური დეტალების აღქმა, რომლებიც დამნაშავის იდენტიფიცირებაში გამოადგებოდა.
მიუხედავად განცდილი სტრესისა, ლიზამ მოახერხა სახლში თითის ანაბეჭდების და ბიოლოგიური მასალის დატოვება იმის იმედად, რომ აღნიშნული მტკიცებულებები პოლიციას დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარებოდა. პარალელურად, მან გამტაცებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყო და მამაკაცი მოატყუა, რომ სახლში მას ავადმყოფი მამა ელოდებოდა, რომლის ერთადერთი მომვლელიც თვითონ იყო.
გოგონამ მამაკაცისგან გაარკვია, რომ მისი ქმედებების მიზეზი ქალებზე შურისძიება იყო. ლიზა მაქსიმალურად შეეცადა, რომ მოძალადის მიმართ თანაგრძნობა გამოეხატა და იმასაც შეჰპირდა, რომ თუ გაათავისუფლებდა, მასთან ურთიერთობას გააგრძელებდა და მომხდარის შესახებ არავის ეტყოდა.
საბოლოოდ გამტაცებელმა ლიზა მანქანაში ჩასვა და უთხრა, რომ მას გაათავისუფლებდა. კაცმა გოგონა ბებიის სახლთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვა და უთხრა, რომ მისი წასვლიდან ხუთი წუთის გასვლის შემდეგ, თვალსახვევი მოეხსნა.
მამაკაცის წასვლიდან რამდენიმე წუთში ლიზამ თვალსახვევი მოიხსნა და ბებიის სახლში გაიქცა. იქ მისულს კი ბებიის მეგობარმა მამაკაცმა "ღალატისთვის" სცემა.
გამომდინარე იქიდან, რომ ლიზას დაკარგვის შესახებ ოჯახს პოლიციაში ჰქონდა განცხადებული, აუცილებელი იყო გამოძიების დაწყება. განყოფილებაში მისულმა ლიზამ გამომძიებელს ყველაფერი მოუყვა, თუმცა მან გოგონას არ დაუჯერა. საბედნიეროდ, ლარი პინკერტონი ის დეტექტივი აღმოჩნდა, რომელმაც მისი მონაყოლი დაიჯერა და მას საქმის ბოლომდე გამოძიებას შეჰპირდა.
ლიზას განთავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, სერიულმა მკვლელმა კიდევ ერთი ქალი მოკლა. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის იყო მისი გამტაცებელი.
ლიზა გამომძიებელს იმაშიც გამოუტყდა, რომ ბებიის მეგობარი მამაკაცის მხრიდან ძალადობას განიცდიდა, რის გამოც, მამაკაცი პოლიციამ დააპატიმრა.
საბოლოოდ, 17 წლის გოგონას გატაცებიდან 12 დღეში პოლიციამ საქმის გახსნა და დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო. ლიზას ვარაუდი გამართლდა და მისი გამტაცებელი სერიული მკვლელი - ბობი ჯო ლონგი აღმოჩნდა. დამნაშავემ 10 ქალის მკვლელობა აღიარა. ჩადენილი დანაშაულის გამო, დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ, მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
2019 წელს, ფლორიდაში ბობი ჯო ლონგი სიკვდილით დაისაჯა. პროცესს ლიზა მაქვეიც ესწრებოდა, რომელიც იმ დროისთვის, უკვე შერიფის მოადგილე გახლდათ.