თბილისში, საკუთარ ბინაში, ქალის ცხედარი იპოვეს
1732607101
ტედ ბანდი აშშ-ს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად სასტიკი სერიული მკვლელია. მისი ამბავი მრავალი რომანისა თუ ფილმის ინსპირაცია გახდა. მან 36 ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა დღესდღეობით დაზუსტებით არავინ იცის, თუ რამდენი ადამიანი მოკლა სინამდვილეში და როდის დაიწყო მისი მკვლელობები. კრიმინალისტების ვარაუდით, მსხვერპლთა რიცხვი, სინამდვილეში, საკმაოდ აღემატება ტედის მიერ აღიარებულ რაოდენობას.
თეოდორ რობერტ ბანდი 1946 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. ამ დროს ტედის დედა - ელეანორ ლუისა კოუელი 22 წლის მარტოხელა ქალი გახლდათ და შესაბამისად ტედის ბიოლოგიური მამის ზუსტი ვინაობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ადრეულ ასაკში ოჯახი ტედს ატყუებდა, რომ მისი ბებია-ბაბუის ნაშვილები ბავშვი იყო, ხოლო ლუისა მისი და გახლდათ. მოგვიანებით კი ლუისა კოუელმა ჯონი ბანდიზე იქორწინა, რომელმაც ტედი იშვილა და მას გვარიც მისცა.
ბანდი სტანდარტულ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში იზრდებოდა და საკმაოდ ნიჭიერი ბავშვიც იყო, თუმცა მას არასდროს გამოსდიოდა თანატოლებთან ურთიერთობა. სამი წლის ასაკში იგი გატაცებული იყო დანებით.
1972 წელს ბანდიმ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მომავალში სამართლის სკოლაშიც ჩაირიცხა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია. უნივერსიტეტში სწავლისას ტედს მდიდარი, ლამაზი და ახალგაზრდა შეყვარებული ჰყავდა, რომელთან დაშორებაც მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბანდის მსხვერპლთა უმეტესობა მის ყოფილ შეყვარებულს ძალიან ჰგავდა.
ტედის მკვლელობები სავარაუდოდ 1974 წელს დაიწყო, როდესაც სიეტლსა და ორეგონში რამდენიმე გოგონა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვეოდა - გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგონები მამაკაცთან ერთად შენიშნეს, რომელსაც ტედი ერქვა.
ძირითად შემთხვევაში ბანდი გოგონების სიკეთით სარგებლობდა. იგი თავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად ასაღებდა და მსხვერპლს დახმარებას სთხოვდა. მანქანის ყიდვის შემდეგ კი ქალებს თავში ძლიერი ჩარტყმით უგონო მდგომარეობაში აგდებდა და იტაცებდა.
როგორც წესი, ტედი მსხვერპლს ცემით კლავდა ან ახრჩობდა. საბოლოოდ კი დანაწევრებულ ცხედრებს ბუნებაში მალავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდახან კაცს გვამები სახლში მიჰქონდა და თავს სექსუალურად იკმაყოფილებდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მხოლოდ გოგონების თავები მიჰქონდა და მათთან ერთად იძინებდა.
1974 წელს ტედ ბანდი სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და იუტაში გადავიდა. სწორედ აქედან დაიწყო გოგონების გაუჩინარების ახალი სერიაც.
1975 წელს ბანდიმ კეროლ დარონჩის გატაცება სცადა, თუმცა გოგონამ გაქცევა მოახერხა. გატაცების მცდელობისთვის ტედ ბანდი გაასამართლეს და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი სასამართლოსთვის ტედის სხვა დანაშაულებიც გახდა ცნობილი.
დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ, ტედმა ციხიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, იგი ერთ კვირაში დააკავეს. მეორე გაქცევის დროს კი, პოლიციამ ბანდის გაუჩინარება მისი გაქცევიდან 15 საათის შემდეგ აღმოაჩინა, რა დროსაც მან ფლორიდაში ჩასვლა მოასწრო. ტედი ფლორიდის უნივერსიტეტში შეიჭრა, სადაც მან ორი გოგონა მოკლა. მოგვიანებით, მან 12 წლის ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა. საბოლოოდ, პოლიციამ მაინც მოახერხა მკვლელის პოვნა და იგი კვლავ დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულების გამო ბანდის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ტედმა სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1980 წელს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ბანდიმ კეროლ ენ ბუნის ცოლობა სთხოვა. მკვლელმა მეგობარ ქალბატონზე იქორწინა და მათ შვილიც ეყოლათ. როგორც ცნობილია, ბანდიმ კეროლი დაპატიმრებამდე ექვსი წლით ადრე გაიცნო. ქალბატონი ტედს უდანაშაულოდ თვლიდა, თუმცა მოგვიანებით სასამართლოს პოზიცია გაიზიარა და წყვილი განქორწინდა.
1989 წლის 24 იანვარს, ტედ ბანდი ფლორიდის ციხეში სიკვდილით დაისაჯა. ციხის ეზოში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტედის ფერფლი, მისივე თხოვნით, სწორედ იმ ადგილას მოაფრქვიეს, სადაც მას ოთხი გოგონა ჰყავდა მოკლული.