„ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში მომატებულია მიმართვიანობა, 10-15 ტიპის ვირუსიდან, 3 საყურადღებოა...“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში დაახლოებით 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს - თუ წინა წლებში კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

შემოდგომის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ყოველთვის ყველგან აქტიურდება ე.წ. რესპირაციული ვირუსი. ეს საკმაოდ დიდი ვირუსების ჯგუფია. არის ვირუსების ნაწილი, რომელიც ნაკლებ ყურადღებას იპყრობს და არის ის კატეგორია, რომელიც საყურადღებოა.

ჩვენთან, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს რესპირაციული ვირუსების მონიტორინგი, თუ ზაფხულს არ ჩავთვლით, ვინაიდან მათი რაოდენობა ნაკლებია. მიმდინარეობს შესწავლა, თუ რომელი ვირუსი სჭარბობს სეზონის სხვადასხვა დროს. როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს, დაახლოებით, 10-15 სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღება სამს აქვს.

პირველი - ეს არის გრიპის ვირუსი. ამ ეტაპზე ფიქსირდება "ა" ტიპის ვირუსი, საიდანაც წინა ხაზზე გამოდის H1 და H3. მოგეხსენებათ, H1 მოსახლეობაში ცნობილია, როგორც "ღორის გრიპის" ვირუსით, რომელმაც 2008-2009 წლების პანდემია გამოიწვია. აღარ არის ეს პანდემიური შტამი, ის დასუსტებულია.

მეორე - საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რასაც თვალს ვადევნებ მასმედიით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში მომატებულია მიმართვიანობა. ალბათ, ძირითადად ეს უნდა იყოს გრიპით და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ძირითადად ბავშვებს და ხანდაზმულებს "ერჩის", გარკვეული გართულებები აქვს განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში.

დღეს, ყოველკვირეული მონიტორინგის საერთო ცირკულაციაში რაც ვნახე, ბოლო მონაცემებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სჭარბობდა გრიპსა და კორონავირუსსაც.

მესამე - კორონავირუსი, რომელიც ჯერ კიდევ იქცევს ყურადღებას თავისი ვირულენტობით მაინც ძლიერია, ვიდრე გრიპის ვირუსი.

იცით, რომ ამ ეტაპზე ძირითადად მთელს მსოფლიოში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს.

რომ გითხრათ, რომ წელს რაიმე უჩვეულო ხდება, ასე არ არის. გასულ წელს და წინა წლებში მონიტორინგის დროს, თუ კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, მაგრამ არც თუ ისე ძალიან“, - აღნიშნავს გამყრელიძე.