ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს

კომიტეტი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მისი შემუშავების მიზანია ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

„დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე. დასახელებულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარკოდანაშაულს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას. ნარკოდანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდაგანვითარებას, აგრეთვე - ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას. დასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არაერთხელ დადასტურდა როგორც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით გაიმიჯნება ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდება დასახელებულ დანაშაულებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ, გამკაცრდება სასჯელები როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის. ამ მიზნით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება მთელი რიგი მუხლები.

კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 260³ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვას.

ასევე, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 260² მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ აგრეთვე ემატება 261¹ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.