რეანიმაციაში მუშაობისას, 300-ზე მეტი პაციენტი მოკლა - სერიული მკვლელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი

ჩარლზ

16-წლიანი კარიერის განმავლობაში, ექთანმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე გახდა. ამ ისტორიის შესახებ  Netflix-მა ფილმიც გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები - ჯესიკა ჩესტეინი და ედი რედმეინი ასრულებენ.

საუბარია სერიულ მკვლელზე სახელად ჩარლზ კალენი.

ჩარლზ კალენმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 80-იან და 90-იან წლებში კალენი ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის საავადმყოფოებში რეანიმაციაში მუშაობდა. გადასხმის სისტემის მეშვეობით იგი პაციენტებს სულ სხვა პრეპარატებს უშვებდა. აცდენილი იყო დოზებიც. შემთხვევების უმეტესობა ლეტალურად მთავრდებოდა.

ჩარლზ ედმუნდ კალენი 1960 წელს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი მამა სკოლის ავტობუსის მძღოლი იყო, დედა კი დიასახლისი. ჩარლზი 8-შვილიან ოჯახში მე-8 იყო. მისი დაბადებიდან 7 თვეში, მამა გარდაიცვალა და ჩარლზი საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში იზრდებოდა.

1969 წელს, როდესაც ჩარლზი 9 წლის იყო, სკოლის ქიმიური ლაბორატორიიდან საშიში ნივთიერება მოიპარა და თვითმკვლელობა სცადა. სიცოცხლის განმავლობაში, მან კიდევ 20-ჯერ სცადა თავის მოკვლა.

17 წლის იყო, როდესაც დედა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა. ჩარლზმა სკოლა მიატოვა, ერთი წლის შემდეგ აშშ-ის საზღვაო ძალებში გაწევრიანდა. საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა, მაგრამ ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა. საზღვაო ძალებში ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში შვიდჯერ სცადა თვითმკვლელობა.

კალენის საექთნო საქმიანობა 1987 წელს დაიწყო. მან ექთნების გადამზადების კურსი გაიარა და ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში დაიწყო მუშაობა. ჩარლზი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ოჯახი შექმნა, საკუთარი საქმე ჰქონდა. თუმცა, მამაკაცი სინამდვილეში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა და თვითდაზიანებას იყენებდა.

კაცმა პირველი მკვლელობა 1988 წელს ჩაიდინა. მისი მსხვერპლი ადგილობრივი მოსამართლე - ჯონ იენდო იყო. ის კლინიკაში ალერგიული რეაქციის გამო შეიყვანეს. ჩარლზმა კი მედიკამენტის მომაკვდინებელი დოზა გაუკეთა.

წლების შემდეგ კალენმა აღიარა, რომ პირველ სამუშაოზე 11 ადამიანი მოკლა. ჩარლზმა სამსახური 1992 წელს დატოვა, როდესაც კლინიკაში გადასხმის ჩანთების შესახებ გამოძიება დაიწყო. თუმცა, მას ვერაფერი დაუმტკიცეს.

ჩარლზი სხვა საავადმყოფოში გადავიდა, სადაც 3 მოხუცი ქალი მოკლა. ერთ-ერთმა მათგანმა სიკვდილის წინ ოჯახს უთხრა, რომ უცნაურმა ექთანმა მას რაღაც გაუკეთა, როცა ეძინა.

პარალელურად, ჩარლზი ძალადობდა საკუთარ ცოლზე, შვილებზე და შინაურ ცხოველებზეც კი. განაგრძეთ კითხვა...