რას ჰყვება კაცი, რომელმაც გალაკტიონი სიკვდილამდე 2 დღით ადრე ნახა - „დამინახავდა თუ არა, მკითხავდა კიდევ როდის მოხვალო…“

მელიტონ ჭეიშვილი

ბოლო 15 წელია თბილისიდან 40 კილომეტრში,სოფელ ჯორჯიაშვილში დასახლდა. ქალაქურ ცხოვრებას სოფლის სიმყუდროვე არჩია და სიბერის წლებს მეუღლესთან ერთად მიწასთან მუშაობაში ატარებს.

პროფესიით ისტორიკოსი, ფსიქოლოგი და მეცნიერი მელიტონ ჭეიშვილი 91 წლისაა. დიმიტრი უზნაძის მოსწავლესა და გალაკტიონ ტაბიძის ძალიან ახლო მეგობარს 12 წელი ჰქონდა სპეც არქივებში შესვლის უფლება, სადაც შეისწავლა ისეთი გასაიდუმლოებული და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ისტორიას ეხება და რომლის შესახებაც დღემდე ბევრმა არაფერი იცის.

დღეს ეს ადამიანი უბრალო გლეხია, ახლა სოფელშია, თავის მეურნეობა აქვს და საკუთარი ხელით მოყვანილ ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს რამდენიმე ოჯახს. ჭირნახული უკვე დააბინავა. ღვინო საწნახელში დაწურა და ცივ ზამთარს მომზადებული ხვდება. ახლა ძირითად დროს სახლში გაატარებს და ეს ზამთარიც წარსულზე მოგონებებში გავა.

წლებმა ვერაფერი დააკლო, ასაკი მხოლოდ შევერცხლილ წვერსა და თმაზე ეტყობა. სტუდენტობა მამიდის სახლში გაატარა. სოფლიდან თბილისში ჩამოსულ ახალგაზრდას, ბიძამ, მწერალმა ალექსანდრე ჭეიშვილმა მეგობართან, გალაკტიონთან მოკითხვის ბარათი გამოატანა. ასე გაიცნო საქართველოს სახალხო პოეტი პატარა მელიტონმა. ასე იხსენებს პირველ შეხვედრას.

ეს ინტერვიუ მელიტონ ჭეიშვილთან, რამდენიმე წლის წინ ჩავწერე.

„ბიძაჩემი, ალექსანდრე ჭეიშვილი, ნიჭიერი მწერალი იყო, 2 რომანის ავტორი: ლელო და თეთრი ტალღა. მას პირველი ხარისხის პრემია მისცეს კარგი შემოქმედებისთვის. ძალიან ღრმა იუმორი ჰქონდა, ბიძა – ძმისშვილი განსაკუთრებული ურთიერთობით გამოვირჩეოდით. კონსტანტინე ჭეიშვილი უმცროსი ბიძა იყო. სტუდენტი რომ გავხდი, მან გალაკტიონთან მოკითხვის ბარათი გამომატანა. ისინი მეგობრობდნენ. იმ დროისთვის მხოლოდ გალას  უნიკალურ შემოქმედებას ვიცნობდი. მივაკითხე სახლში და საბედნიეროდ დამხვდა, საბედნიეროდ იმიტომ, რომ მისი სახლში ყოფნა იშვიათობა იყო. შემიპატიჟა და ბარათი გახსნა. ძალიან გაუხარდა მეგობრის წერილი… ის ბიძაჩემს ბატონიჩს ეძახდა. დაწვრილებით გამომკითხა სოფელში როგორ ცხოვრობდა კონსტანტინე…

დამშვიდობებისას მთხოვა: „ყმაწვილო, მოდი ხოლმე და ვიმაასლათოთო.“ თვეში ორჯერ ვაკითხავდი. მე, როგორც ფსიქოლოგი, გეტყვით მისი პიროვნების შესახებ. ცივი ადამიანი იყო, მუდმივად ჩაფიქრებული. ძალიან მწყინდა მისი ძმიშვილისგან ნოდარისგან ერთი რამ, როცა გალას  ლოთს უწოდებდა. ის ლოთი არ ყოფილა. 10 წელი მუდმივი კონტაქტი მქონდა დიდ გალაკტიონთან. ხშირად თვითონ მიკითხავდა მისი და მეუღლის მიმოწერას, მოგეხსენებათ ქალბატონი ოკუჯავა ციმბირში იყო გადასახლებული…

ლეჩკომბინატის საავადმყოფოშიც ხშრად ვნახულობდი. გარდაცვალების შემდეგ, მისი სახლის აღწერას მე ვესწრებოდი. მაშინ იყო სიგარეტი „რეკორდი“, სახლში ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი შედევრები სიგარეტის კოლოფებზე ეწერა. ახლა არ ვიცი გამოაქვეყნეს თუ არა… მას წინასწარ ჰქონდა დაწერილი, მისი დაკრძალვის სცენარი. ეწერა, რომ მთელი საქართველო დაესწრება ჩემ დაკრძალვასო, მაშინ შემოქმედებს მწერალთა კავშირიდან ასაფლავებდნენ.

მას სურდა საყდრიდან გამოსვენება, წერდა რომ მთაწმინდაზე დამასაფლავებენო… ვინ შეუთანხმებდა დაკრძალვის ადგილს? სიცოცხლის ბოლოს, ცინიზმით გამოირჩეოდა. ლეჩკომბინატში გალაქტიონი კორიდორში იწვა ლეჟანკაზე. მაშინ, პარტიული ნომენკლატურა აკონტროლებდა ყველაფერს. დამინახავდა თუ არა, მკითხავდა კიდევ როდის მოხვალო… არაფერი მინდა არ შეწუხდეო, სულ ამას მეუბნებოდა.

ის არეული იყო, კოსტაკოვის ფსიქოზი ჰქონდა, ამის თქმა შემიძლია დაკვირვების შედეგად. ამბობენ, ოჯახთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდაო. ეს სიმართლე არ არის. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე მოვინახულე, მამაზე მესაუბრა… “- ამბობს მელიტონ ჭეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კატო გაქრისტიანდა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი

👉 მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა – ტრაგედია, რომელმაც ბედნიერებაზე მომღერალი წყვილი დააშორა

👉 „მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია