ტრაგედია, რომელმაც ბედნიერებაზე მომღერალი წყვილი დააშორა - მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა

msaxiobi

ამ იტალიელ წყვილს მსოფლიოში ყველა იცნობდა. მათი ცნობილი სიმღერა „Felicita“ ყველასთვის საყვარელ სიმღერად და იტალიური ესტრადის კლასიკად იქცა.

ალ ბანო კარიზი და რომინა პაუერი 30 წლის მანძილზე იდეალური წყვილი იყო, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ეს ბედნიერება დასრულდა. წყვილი მსოფლიომ ბედნიერებაზე შექმნილი სიმღერით გაიცნო და შეიყვარა. თითქოს მათმა კავშირმა ყველაფერს გაუძლო: განსხვავებულ სოციალურ სტატუსს, დიდებას და პოპულარობას, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ წლების შემდეგ შემდეგ ბედი ამ ოჯახს უძლიერეს დარტყმას მიაყენებდა და მათი ოჯახიც დაინგრეოდა.

ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტს ხშირად ურჩხულსა და მზეთუნახავს ადარებდნენ, თუმცა ცოლ-ქმარს სხვების აზრი ნაკლებად აინტერესებდა. ულამაზესი გოგონა ხავერდოვანი ხმით და მასზე უგონოდ შეყვარებული ქმარი იტალიური ბედნიერების სიმბოლოდ იქცნენ.

რომინა 14 წლის იყო, როცა კინოკარიერა დაიწყო და პირველი სოლო ალბომი ჩაწერა. გოგონას დედა გრძნობდა, რომ ქალიშვილს დიდი მომავალი ელოდა და ძალიან ამაყობდა, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა, როცა ქალიშვილმა საქმრო – დაბალი, სათვალიანი იტალიელი წარუდგინა.

რომინას დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, 1970 წელს წყვილი დაქორწინდა. რომინამ შეძლო, უარი ეთქვა ამერიკულ სტერეოტიპებზე და მყარი კათოლიკური ოჯახი შექმნა, სადაც ცოლი ქმრის მორჩილია.

მათ იდეალურ წყვილს მარტო იტალია კი არა, მთელი მსოფლიო აღმერთებდა. რომინა ლექსებს წერდა, ალ ბანო – მუსიკას, შემდეგ კი სიმღერებს ერთად ასრულებდნენ. მათი სიმღერების მოტივებზე 7 ფილმი გადაიღეს, რომლებშიც მთავარ როლებს ალ ბანო და რომინა პაუერი ასრულებენ. 1970 წელს წყვილს პირველი შვილი – ილენია შეეძინა, სამი წლის შემდეგ კი ვაჟი – იარი. შემდეგ ისევ ქალიშვილები -კრისტელი და რომინა უმცროსი.

თუმცა უბედურებამ მათი ოჯახის კარზეც დააკაკუნა…

1994 წლის 6 იანვარს ალ ბანო კორიზიმ და რომინა პაუერმა პოლიციას უფროსი ქალიშვილის – 24 წლის ილენიას დაკარგვის განცხადებით მიმართეს. ილენია ახალ ორლეანში ალტერნატიულ ახალგაზრდულ ფესტივალზე გაემგზავრა, საიდანაც მისი კვალი სამუდამოდ გაუჩინარდა.

„ილენია იდეალისტია, საერთოდ არ მგავს“,-ამბობდა ალბანო. მას შვილის მისწრაფებების გამო, მოახლოებული უბედურების წინათგრძნობაც ჰქონდა და ამის გამო, ილენიასთან მისი ბოლო ურთიერთობა ჩხუბით დასრულდა. ალბანომ შვილს უყვირა, რადგან შეიტყო, რომ ის იაფფასიან სასტუმროში გადავიდა, რომელიც ღარიბებით დასახლებულ უბანში მდებარეობდა. გოგონა მშობლებს არწმუნებდა, რომ დაბალი სოციალური ფენის ადამიანებთან ახლოს ყოფნა უნდოდა, რადგან უფრო ადვილად შეძლებდა მათ ცხოვრებაზე წიგნის დაწერას.

მართლაც, გამოძიების დროს, ერთ-ერთი კაფეს ოფიციანტმა თქვა, რომ ილენია უსახლკარო ეგონა. თუმცა ეს არ იყო მიზეზი მამის აღშფოთების. ალბანომ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარდა და 54 წლის უსახლკარო მუსიკოსთან ერთად ცხოვრობდა სასტუმროს ნომერში. შავკანიან მამაკაცს მასაკელოს ეძახდნენ.

1994 წლის 1 იანვარს გოგონამ მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ ახალ ორლეანში, სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მოხეტიალე მუსიკოსები ჩერდებოდნენ. მოგვიანებით რამინამ თქვა, რომ ილენია შეპირდა, რომ ისევ დაურეკავდა.

„გთხოვ, მალე დამირეკე“,-უთხრა დედამ. „დაგირეკავ“,-უპასუხა შვილმა. ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც მისგან გავიგე,-ამბობს რომინა. 6 იანვარს ახალი ორლეანიდან კვლავ გაისმა ტელეფონის ზარი, მაგრამ ეს არ იყო ილენია. ალბანოს და რომინას შეატყობინეს, რომ მათი ქალიშვილი სასტუმროში არ დაბრუნებულა. ნომერში მისი პირადი ნივთები დარჩა: ტანსაცმელი, ფოტოაპარატი, ჩანაწერები. პოლიციამ აქტიური ძებნა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო, როდესაც საქმეში იტალიის საელჩო ჩაერთო.

მამაკაცი, რომელთან ერთადაც ილენია ცხოვრობდა, არ იყო მხოლოდ მუსიკოსი, დადიოდა ხმები, რომ მასაკელო ერთგვარი გურუ იყო, ჯადოქარი, და მისტიკოსი. ის ადამიანებს საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევდა, და სავარაუდოდ, ამისთვის ნარკოტიკებს იყენებდა. სასტუმროს თანამშრომლების თქმით, მოწესრიგებული, კარგად ჩაცმული ილენია რამდენიმე დღეში ჭუჭყიან უსახლკაროს დაემსგავსა, რომელსაც ფეხზე მდგომს ეძინებოდა.

ალბანომ მასაკელოს 100 მილიონი დოლარი შესთვაზა, თუ ის ილენიას საპოვნელად საჭირო ინფორმაციას გაუმხელდა, თუმცა ამაოდ. მამაკაცის გაუჩინარებამ მშობლებს აფიქრებინა, რომ მის უკან შესაძლოა ძლიერი ორგანიზაცია დგას, რომელიც ადამიანებით ვაჭრობს.

რომინა შვილის ძებნას იტალიიდანაც აგრძელებდა, დაუკავშირდა დედებს, რომელთა შვილებიც სხვადასხვა დროს ახალ ორლეანში დაიკარგნენ მუსიკალური ფესტივალების დროს. ბეჭდავდა სტიკერებს, დახმარებისთვის გამოძიების ფედერალურ ბიუროს და სიცილიურ მაფიასაც კი მიმართა. ამასთან, ცოლ-ქმარი კვლავ დადიოდა გასტორლებზე. პუბლიკამ იცოდა  მათი ამბავი და ყველანაირად ცდილობდა მხარდაჭერას. 1996 წელს წყვილმა 65 მილიონი დისკი გაყიდა.

რომინა მწუხარებამ გაანადგურა. „მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა“ – განაცხადა რომინამ, უარი თქვა დაგეგმილ ქირურგიულ ოპერაციაზე და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ის ვეღარ ამჩნევდა დანარჩენ სამ შვილს, რომლებიც დედის მზრუნველობას საჭიროებდნენ.

ცოლისგან განსხვავებით, ალ ბანო ხვდებოდა, რომ ცხოვრება დანარჩენი შვილების გამო უნდა გაეგრძელებინა. ერთხელ, პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღიარა: ილენია მკვდარია და მე ამ აზრს უკვე შევეგუე. სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა რომინასთან ურთიერთობაში საბედისწერო. „შენ ჩვენს შვილს უღალატე, მე კი მოღალატესთან ცხოვრება არ მინდა“ – ასეთი იყო ქალის განაჩენი, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა და იმედოვნებდა, რომ გოგონა ცოცხალი იყო. ოჯახის ახლობლები ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი შესანიშნავი წყვილი შეიძლებოდა ერთმანეთს დაშორებოდა, მაგრამ ასე მოხდა…

1995 წელს ალ ბანომ და რომინამ თავიანთი უკანასკნელი ალბომი ჩაწერეს. ერთი წლის შემდეგ კი ალ ბანო სან-რემოში გამართულ ფესტივალზე მსმენელის წინაშე მარტო წარდგა თავისი ავტობიოგრაფიული სიმღერით  „ლა მია ვიტა („ეს ჩემი ცხოვრებაა“). სიმღერის ბოლოს ის მუხლებზე დაეცა და მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ამით რომინას პატიება სთხოვა.

1999 წელს ალ ბანო და რომინა პაუერი ოფიციალურად განქორწინდნენ. ამის შემდეგ მათი გზები საბოლოოდ გაიყარა.