1728312638
რა მოუყვა მიშა გომიაშვილმა „პრაიმტაიმს“ უკანასკნელი ინტერვიუს დროს - მსახიობი ჯანმრთელობაზე და პირადზე
მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა... მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად გვითხრა, ბევრს ვეწევი... ხშირად ვიღლებიო...
გთავაზობთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც „პრაიმ ტაიმმა“ მსახიობთან ჩაწერა:
„არ ინერვიანოთ, კორონასთან საქმე არ მაქვს, გუშინ გამოვედი. ამ დღეებში სხვაგან უნდა დავწვე გამოკვლევაზე” – სოციალურ ქსელში ერთი კვირის წინ მსახიობმა მიშა გომიაშვილმა დაპოსტა და თან გადასხმის სისტემით აღჭურვილი ფოტო დაურთო. მაშინ მსახიობმა, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, “პრაიმტაიმთან” კომენტარი არ გააკეთა.
„სხვაგან გამოკვლევაზე” დაწოლილი მსახიობი ისევ მოვიკითხეთ – სახლშია, თავს სტაბილურად გრძნობს და პანდემიური კარანტინის გადავლას ელოდება. სათამაშოდ რუსეთშია მიწვეული.
მიშა გომიაშვილი: – ღმერთის წყალობით ძალიან კარგად ვართ. კარგა ხანია დიაბეტი მაქვს, ინსულინზე ვარ.
ახლა თავისუფალი დრო მქონდა, გამოკვლევაზე დავწექი, ანალიზები ავიღე. სიმართლე გითხრათ, ოჯახისგან დავისვენე (იცინის).
მეგობრების კლინიკაში ვიწექი, თავს კარგად ვგრძნობდი, ყველა პირობა მქონდა შექმნილი და ყველაფერი კარგად არის. უკვე ხუთი დღეა სახლში ვარ.
მსახიობი მიიჩნევს, რომ პანდემია კაცობრიობისთვის უფლის მიერ მოცემული ბოლო შანსია.
მიშა: – დიდი ფილოსოფოსი არ ვარ, თუმცა ღრმად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ უფალმა ბოლო გაფრთხილება მოგვცა. ტვინი გავანძრიოთ და ბოლოსდაბოლოს მივხვდეთ, რა არის ამ ცხოვრებაში მთავარი და რა – მეორე ხარისხოვანი.
მებაღე რომ “სეკატორით” კრეჭს ბუჩქებს, აიღო და ისე გადაგვფცქვნა. ყველა, მილიარდერი თუ ჩვეულებრივი მოკვდავი, ერთსადაიმავე მდგომარეობაში ჩააგდო. მიგვახვედრა, რომ სიმდიდრე და ქონება, არაფერიც არ არის. მაიბახით ივლი, თუ ველოსიპედით, მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრი ფული არავის აძლევს იმის უფლებას, რომ სხვას ზევიდან უყუროს.
ძვირადღირებული საათი, კარგი მანქანა თუ ვილა, ეს ყველაფერი ფურთხის ღირსი აღმოჩნდა…
ჩემ გმირს შევადარებ, რომელიც რუსეთში ვითამაშე. ეს კაცი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გათიშეს და ოკეანის პირას იღვიძებს. არ ახსოვს ვინ არის, სადაურია, საიდან მოვიდა. ასეთი ძირფესვიანი რესტარტი გაგვიკეთა ჩვენმა შემოქმედმა.
უნდა ავწონ-დავწონოთ, მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს მთავარია ამქვეყნად. ამაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად დაფიქრების საშუალება მოგვეცა.
დააკვირდით, გამონაბოლქვისგან ქალაქში რა ნისლი იდგა?! ფუნიკულიორიდან თავისუფლების მოედანს ვერ ხედავდი. გაკრიალდა ჰაერია. მანქანებმა ორი დღეა დაიწყეს სიარული და უკვე გამონაბოლქვის სუნი მეცა.
ყველა სიტუაციაში პლუსი უნდა მონახო. მხოლოდ ნეგატივს არ უნდა ხედავდე, ცხვირაწეული მხოლოდ კრიტიკით არ უნდა იყო დაკავებული.
არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ. პოლიტიკაში ცხვირი არ ჩამიყვია. ყოველთვის საქართველოისტი, ძმაკაცისტი და თბილისისტი ვიყავი.
ახლა იმის მაგივრად, რომ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ერთად შევიკრათ, უფრო ჭამენ ერთმანეთს. რა უბედურებაა? ქულები რომ დაიწერონ წინასაარჩევნოდ. რა არჩევნები, რის არჩევნები? ეს უბედურები…
მართლა გონიათ, რომ ეს ვირუსი ვიღაცამ გამოიგონა. ეს ყველაფერი უფლისგან მოდის, რომელმაც ბოლო შანსი მოგვცა. ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის გვერდში დგომა. მერე ყველაფერი დალაგდება თავისით.
დანარჩენი ზღაპრები და ჭორია, ბილ გეიტს და მის ქალიშვილს ვინ რას კითხავს (იცინის)? მასონური მაიმუნობაა. ყველაფერი უფლის ნებაა, ოღონდ ხელი უნდა გავანძრიოთ.
– კარანტინი ურთიერთობებს და მეგობრებს მოგანატრებდათ…
– როგორ არ მომენატრა, მაგრამ კიდევ კარგი ინტერნეტი არსებობს და სპეციალური პროგრამით 10-11 კაცი ვერთვებით და ვლაპარაკობთ, დღეში თხუთმეტჯერ. აბა, ისე რა გამაძლებინებს?! მიდის მოკითხვა, ვის რა ჭირს, ვის რა ულხინს. ისე მართლა რა გამაძლებინებს?
– რამე საინტერესო შემოთავაზება ხომ არ გაქვთ კინოში?
-მაქვს. ჯერ ერთი ფილმი მაქვს დასამთავრებელი, ხუთდღიანი გადაღებით, სასომხეთში, მთავარ როლს ვთამაშობ. შემოთავაზება მაქვს რუსეთიდან, იქაც მთავარ როლზე. “ვოთსაფით” ვესაუბრე რეჟისორს. გადაღება იქნება – მოსკოვში, პიტერსა და ბოსნიაში…
საქართველოში არ მიღებენ. ეტყობა, ქართველი რეჟისორებისთვის სუსტი არტისტი ვარ.
– როლზე უარი თუ გითქვამთ და რა მოტივით?
– მითქვამს. უარს ვამბობ ისეთ როლზე, რომელიც ჩემს პოზიციას შეურაცხყოფს. ბოდიშს ვიხდი და პედერასტის როლს ცხოვრებაში არ ვითამაშებ. შემომთავაზეს ასეთი როლი და მერე სავადმყოფოში მოუწია ორი კვირა წოლა. საქმე ფიზიკურ შეხებამდე მივიდა. ვინაობა ტყუილად არ მკითხოთ.
იცით რა, ადამიანი, რომელიც ნახევარ ცხოვრებაზე მეტია მიცნობს, 35 წელიწადი, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, იცის ჩემი დამოკიდებულებები და ასეთ რამეს შემომთავაზებს, სხვანაირად როგორ უნდა მოვექცე? უცებ ჭახან და მორჩა!
ტარიელ მკლავაძე არ ვარ, მაგრამ ერთი კაცის ცემისთვის დახმარება არ მჭირდება. მართალია, უკვე 59 წლის ვარ, ძველებურად ვეღარ ვიქნევ ხელებს, მაგრამ ერთ-ორ კაცს “მოვუვლი”…
მოსკოვში ჩემი აგენტი გაფრთხილებული მყავს, მსგავსი თემა თუ იქნება, არ შემაწუხო-მეთქი.
სხვა მხრივ უღირსი ქართველის როლს უცხოურ ფილმში არ ვითამაშებ, ჩვენთან – კი, შევასრულებ. უცხოეთში დიდ ანაზღაურებაზე სამჯერ ვთქვი უარი იმიტომ, რომ შემოთავაზებული როლი არ შეესაბამებოდა ჩემს პრინციპებს.
– 59 წელი როგორი ასაკია თქვენთვის?
– ასაკი მხოლოდ ანკეტების შევსების დროს მახსენდება. მარტო რომ ვარ ოთახში, უცებ რაღაც ისეთ სიშტერეს ვიზამ, მერე გამახსენდება ასაკი, სირცხვილია-მეთქი და ვამუხრუჭებ. ეტყობა, გული არ ბერდება.
პატარა ბიჭი აღარ ვარ, მოწევას თავისი მიაქვს. ბევრს ვეწევი. ფიზიკურად მალე ვიღლები. სამაგიეროდ, დავდინჯდი, გამოცდილება მომემატა. ვიცვლები. არ ვარ ჯიუტი კაცი, რაკი ერთხელ ვთქვი, სულ იმ არზრე დავრჩე. როცა ვხვდები, აღარ ვარ მართალი, ვიცვლი პოზიციას.
– და სიყვარულშიც დიდი გამოცდილება გაქვთ…
– როგორც ყველა მამაკაცს, არაფერი განსაკუთრებული. ვისთანაც მიცხოვრია და პატარა პერიოდი გამიტარებია, ყველას ცოლი დაარქვეს. ჭორაობის დონეა. მე კიდე მეზარება დავჯდე და ავხსნა.
ამდენი ხანი, რაც მე და ქეთი ერთად ვცხოვრობთ, არავისთან არ მიცხოვრია. 11 წელია ერთად ვართ, ჯვარიც დავიწერეთ. ტფუ, ტფუ (ხეზე დააკაკუნა)…
მართლა გეუბნებით, ჩემი გაძლება იოლი არ არის. მძიმე ხასიათი მაქვს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევეწყეთ და ეს ქეთის დამსახურებაა. ისეთი კომფორტი შემიქმნა, რომ მეტი არ შეიძლება. ეს მომწონს ამ ქალში…