მსხლის ხე, რომლის ადგილას სხალთის მონასტერია, გაჩეხვის მერე ისევ მრთელდებოდა

msxlis xe

სხალთის მონასტერი ზემო მთიან აჭარაში, ხულოში, სოფელ ყინჩაურში მდებარეობს. მამათა მონასტერი თურქთა სამასწლოვანი ბატონობის შემდეგ აჭარაში ერთადერთი გადარჩენილი ტაძარია.

ტაძარი მე-12 საუკუნეში თამარ მეფის ბრძანებით აგებულა და როგორც ადგილობრივი ფილოლოგ-ისტორიკოსი, ეთერ დეკანაძე გვიყვება, მის აშენებას ლეგენდა და სასწაული ახლავს.

ეთერ დეკანაძე: – ლეგენდის თანახმად, საბრძოლველად გამზადებულ ლაშქარს, წინ თამარი მიუძღოდა. ამ დროს გაწვიმებულა. ლაშქარს თავი უზარმაზარი მსხლის ხის ქვეშ შეუფარებია.

იმხელა ყოფილა ეს მსხლის ხე, რომ მთელი ლაშქარი დატეულა მისი ტოტების ქვეშ. ამის შემხედვარე თამარს უთქვამს, გამარჯვებული რომ დავბრუნდებით, ამ ხესთან ტაძარი ავაგოთო.

მართლაც გამარჯვებული დაბრუნებულან ბრძოლის ველიდან. თამარს კირით ხურონი, ოსტატნი და ხუროთმოძღვარი გამოუგზავნია ამ ადგილას.

მათ ამ უზარმაზარი მსხლის ხის მოჭრა დაუწყიათ. მაგრამ ხე ვერა და ვერ მოჭრეს! მთელი დღე ცულებით ჩეხდნენ, მეორე დღეს ხე ისევ გამრთელებული ხვდებოდათ. მერე ისევ თავიდან იწყებდნენ ხის გაჩეხვას. ხე კი სასწაულებრივად მრთელდებოდა…

მერე ბრძენთან მივიდნენ. მან რჩევა მისცათ – გაჩეხვას რომ მორჩებით, ცულები ხეში ჩატოვეთ, არ ამოიღოთ და მეორე დღეს ადვილად წააქცევთ ხესო. მართლაც ასე მოიქცენენ.

ცულები რომ ამოიღეს და გაჩეხვას მორჩნენ, ადვილად წააქციეს ხე. წაქცეულ მსხლის ხეს დიდი ექო გამოუცია. მაშინ ბრძენს უწინასწარმეტყველებია – აქ აგებული ტაძარი მრავალ მეხთა ტეხას გაუძლებს, მაგრამ ძვრას ვერაფერი უზამს, ვერც მტერი და ვერც რამე მოვლენა. ეს ტაძარი საუკუნეებს გაუძლებსო. ბრძენის ნაწინასწარმეტყველება ახდა.

1989 წლის 19 აპრილს სხალთაში მეწყერი ჩამოწვა და 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პატრიარქი სხალთას მათი სულის მოსახსენებლად ეწვია.

და 29 მაისს, 300 წლის განმავლობაში დადუმებული სხალთის ტაძრის ზარის ექო საქართველოს დედო ზარების ექოს შეეხმიანა.

სხალთის მამა მონასტერი მას შემდეგ ფუნქციონირებს…

ხულო უფლის მოციქულების ნაფეხურებიანი მიწაა. ანდრია პირველწოდებული პირველად ხულოში მოვიდა საქადაგებლად, სოფელ დიდაჭარაში ააგო პირველი ტაძარი.

უწყლო სოფელში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა და როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, იქ მაშინვე წყარო ამოჩქეფდა!

მიწიერ სამყაროში პირველი ადგილია, სადაც სახარება იქადაგეს და პირველი ტაძარი აიგო. აქ ანდრია პირველწოდებულის ხელით გაინათლა აჭარლები, ტაძარში მისი დადგენილი წესითა და ტიპიკონოთ დაიწყო წირვა-ლოცვა…

სხვა სიახლეები