Exclusive: "გვითხრეს, რომ სასწაულმოქმედი წყალი იყო და სურვილი უნდა ჩაგვეფიქრებინა" - რა გადახდა ნინო ჩხეიძეს ღვთისმშობლის სახლში ყოფნისას (VIDEO) 

nino chxeidze

ახლა, როცა ქრისტიანებისთვის დღესასწაულთა დღესასწაული მოახლოვდა და სულ რამდენიმე დღეში, აღდგომას ვიზეიმებთ, განწყობაც ამაღლებულია. თითქოს ყველა რაღაც განსაკუთრებულს ველოდებით, თითქოს ყველა ჩვენგანის თავს რაღაც კარგი უნდა მოხდეს... ზოგს სჯერა, ზოგს კი - არა, მაგრამ მთავარი ის საოცარი, აუხსნელი მოვლენებია, რომლებიც ჩვენს დროშიც ხდება და მათ სასწაულებს ვეძახით.

ამის შესახებ "პრაიმთაიმი" მომღერალს და უკვე მაყურებლისთვის ცნობილი გადაცემის "ღამის პრაიმ-თაიმის" ერთ-ერთ საყვარელ წამყვანს, ნინო ჩხეიძეს ესაუბრა.

მან ექსკლუზიურად  ჩვენს მკითხველს თავს გადახდენილ ღვთიურ სასწაულებზე ესაუბრა. როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, სჯერა, რომ სასწაულები მართლაც ხდება და ამის რწმენა მას შემდეგ კიდევ უფრო განუმტკიცდა, რაც თურქეთში დასვენებისას, სრულიად შემთხვევით, ექსკურსიაზე ღვთისმშობლის სახლში მოხვდა. მაშინ, წმინდა მარიამს დედობა სთხოვა, რამდენიმე დღეში კი გაიგო, რომ დედა გახდებოდა. 

მან ამ სასწაულის შემდეგ, შვილს წმინდა მარიამის პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად მარიამი დაარქვა. 

გარდა ამისა, სასწაულები ნინო ჩხეიძის მეგობრების თავსაც არაერთხელ მომხდარა. "ღამის პრაიმ-თაიმის" წამყვანი ამბობს, რომ იერუსალიმიდან, ჯვრის მამის მონასტრიდან ხშირად, უშვილო ახლობლებისთვის ლიმონი ჩამოაქვს, ისინი კი, ვინც ამ ნაყოფს მიირთმევენ, მალევე მშობლები ხდებიან...

"თურქეთში დასასვენებლად ვიყავი, სრულიად დაუგეგმავად თქვეს, რომ ექსკურსიაზე მივდიოდით. მაშინ, ღვთისმშობლის სახლში აღმოვჩნდი, იქვე წყალი ჩამოდის. გვითხრეს, რომ სასწაულმოქმედი წყალი იყო და დალევისას სანუკვარი სურვილი უნდა ჩაგვეფიქრებინა. 

პირველ ბავშვზე ფეხმძიმობა შეწყდა და მუცელი მომეშალა, ორსულად არ ვრჩებოდი, ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი. წმინდა მარიამის სახლთან წყალი დავლიე და ვთხოვე, შვილი მყოლოდა.  

ზუსტად ორ კვირაში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და დედა გავხდებოდი. ასე დაიბადა ჩემი მარიამი, რომელსაც ღვთისმშობლის პატივსაცემად და მადლიერების ნიშნად მისი სახელი დავარქვი. 

მე ამ  ფაქტს ღვთიურ სასწაულს ვუკავშირებ და ნამდვილად, მთელი გულით მჯერა, რომ რწმენით ყველაფერი ხდება, მათ შორის - სასწაულებიც. 

ჩემს არაერთ მეგობარსაც აქვს ღვთიური სასწაულების შესახებ ისტორიები - ხშირად, იერუსალიმში, ჯვრის მამის მონასტერში მოსალოცად დავდივარ. ამ ტაძრის ეზოში ლიმონის ხე დგას. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, თუ უშვილო წყვილი ამ ხის ნაყოფს მიირთმევს, უფალი შვილს მისცემს. 

ჩამოვუტანე მონასტრის ლიმონი ჩემს უშვილო ახლობლებს და ყველა მათგანს შვილი მიეცა. ეს სასწაულია, აბა რა არის?!

- როგორც სატელევიზიო ანონსიდან გახდა ცნობილი, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "ღამის პრაიმ-თაიმში" სამშაბათს, 19 აპრილს, მაყურებელი აქამდე გაუგონარ, დაუჯერებელ და სასწაულებრივ ისტორიებს მოისმენს, თუმცა ყველაფერი ჭეშმარიტია და გადაცემის სტუმრების თავს ის ისტორიები ნამდვილად მოხდა. რას იტყვით ამის შესახებ?

- რაც შეეხება გადაცემას, "ღამის პრაიმტაიმს", რომლის წამყვანიც ვარ და რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში, ყოველ სამშაბათს, 23:00 საათზე გადის, ძალიან საინტერესო, ხშირად შემეცნებითი, ყოველთვის კი, სწორ ღირებულებებზე აქცენტირებული გადაცემაა და მკითხველებს ვთხოვ, შემოგვიერთდნენ ეკრანებთან, თავად მოისმინონ ის სასწაულები, რომლებსაც ჩვენი გადაცემის სტუმრებს თავს გადახდათ. გპირდებით, რომ საოცარ ისტორიებს მოისმენთ." - ამბობს ნინო ჩხეიძე.