გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მართლმადიდებელთათვის მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, არც კვერცხის, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობის და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.
მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება წანდილი.
გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის. მარხვაში ადამიანს ევალება ლოცვა გააძლიეროს.
როგორც იცით, წმინდა მამები განსაკუთრებულად მკაცრად იცავდნენ მარხვას. ასევე არიან ბერები.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბეთანიაში მოღვაწეობდა ახალმოწამე მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა, რომელიც მკაცრი მარხვით გამოირჩეოდა. სამეგრელოში, სოფელ ზუმში ბერის სანათესავო მისი ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალმოწამის საფლავზე გავიდა, მოიგონეს მისი წმინდა ცხოვრება და მოღვაწეობა.
მამა გაბრიელი მამა ვასილზე ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".
ამის თვითმხილველი არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი) იყო, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ბეთანიის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც 1956 წელს, მამა ვასილი პირველად ნახა.
"...აი, ეს შიმშილობდა ვასილი, ძალიან მმარხველი იყო", - ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც ვერ მალავდა გაოცებას იმ მძიმე ბერული ღვაწლის გამო, რომელიც ახალგაზრდა მღვდელმსახურმა იტვირთა. "მე მორჩილი ვიყავი", - იხსენებს არქიმანდრიტი თორნიკე.
"მაშინ ვასილი ბერი, მღვდელი იყო. იმასთან შედარებით მე უფრო სხვა ვიყავი. მე საჭმელს ჩვეულებრივ ვჭამდი, ის - აპა, არა.. ეგენი პურზე და წყალზე მხოლოდ! ვასილი ჩაკეტილი იყო, ძალიან გულჩახვეული, დიდად მოყვარული არ იყო ლაპარაკის, თავჩაღუნული უყვარდა საუბარი.. თავშეკავებული იყო. ძალიან მარხული იყო, მარხვას ინახავდა, თავს იცავდა. მე ძალიან მიყვარდა, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. კარგი დრო მახსოვს ბეთანიაში, კარგი მამები იყვნენ, ძალიან კარგი მამები. ბევრი ჭირი გადაიტანეს. დევნილები იყვნენ.”
ძალიან მოღვაწე იყო. ის მარტო ერთ ჭიქა ჩაის დალევდა, მეორე დილამდე ერთი ჭიქა წყლით იყო. მამა იოანე ეტყოდა: ნუ მარხულობ ასე მწარედო. შიმშილობდა, ღმერთი ასაზრდოებდა, ღმერთი ინახავდა.
"მე მაძღარი ვიყო, როცა ისინი მშივრები არიანო?!" გაჭირვებულ ადამიანებს გულისხმობდა.
სულხან-საბა ორბელიანი ასე განმარტავს სიტყვა მარხვას: მარხვა - უჭმელობა. მართლაც აღმოჩენას ვაკეთებთ, ძველად მარხვა უჭმელობას, შიმშილს ნიშნავდა. ამის მაგალითს როგორც თვითმხილველები გვიამბობენ ვხედავთ მამა ვასილის ცხოვრების წესშიც. მამა ვასილმა წმინდა მამების მეთვალყურეობით, მკაცრი მარხვითა და გამუდმებული ლოცვით, დიდ სულიერებას მიაღწია.
ერთ მნიშვნელოვან ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მამა ვასილი ნაცნობებთან ერთად მიდიოდა. ხალხს ღვთის სიტყვას უქადაგებდა და ვერ აგებინებდა. ამ დროს გზაზე მანქანა გამოჩნდა და როდესაც მათ მოუახლოვდა, მამა ვასილი მანქანას ჩაუხტა. მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, ბერს გადაუარა და ხუთიოდ მეტრში გაჩერდა. გაფითრებული მძღოლი გადმოსულა და დაუნახავს, მამა ვასილი უვნებელი წამომდგარიყო და მტვრიან მანტიას იფერთხავდა. გაკვირვებულ მძღოლს პირჯვრის წერა დაუწყია: "ღმერთო, ეს რა ვნახეო". მოგვიანებით რომ უკითხავთ მამა ვასილისთვის, რატომ მოიქეცით ასეო, უთქვამს: "მინდოდა, ხალხისთვის ღვთის ძალა დამენახვებინაო".
მამა ვასილი ამბობდა: ბერი ცოდვაში ურჩობისა და მოუნანიებელი ცოდვების გამო ვარდებაო. ბერისთვის ყველაზე საშინელი ცოდვა მრუშობაა. მასთან შედარებით სხვა ცოდვა ადვილი ჩამოსაშორებელი მტვერია. ყველაზე ხშირად ბერს სასოწარკვეთილებაში მრუშობის ცოდვა აგდებსო.
მამა ვასილი იგონებდა: "ათონზე ნაცხოვრები ერთი ბერისგან გამიგია, რომ მღვდელი, რომელიც მრუშობის ცოდვას სჩადის და თან წირვას ასრულებს, ცხოვრებაშივე ჯოჯოხეთშია. როცა ის ამბობს: "მშვიდობა ყოველთა" და "კურთხევა უფლისა თქვენზედა", - მაშინ საკურთხევლის ანგელოზი ეხმიანება: "ხალხს - ღვთის კურთხევა, შენ კი შეჩვენება". როცა ეზიარება, მისი სული ნახშირივით შავდება, ხოლო როცა წირვას ამთავრებს, ეშმაკი უახლოვდება და პირზე კოცნის, როგორც მეგობარს".
გავიხსენოთ მამა გაბრიელის (ურგებაძე) სიტყვები. იგი ამბობდა: "მამა ვასილი ანგელოზია, მუდმივი მლოცველი, წმინდანია". წმინდა მამა გიორგი (მხეიძე) ამბობდა: "სადაც არ უნდა იყოს მისი სხეული, სულით ის ჩვენთანაა" (ე.ი. წმინდანთა დასში)... ის ორგზის მოწამეა. ამისათვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს ღვთისგან" (მამა ვასილს დაკრძალვისას წვერი გაპარსეს, საბერო სამოსი გახადეს და კოსტიუმი ჩააცვეს.)