დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
დღეს ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეა.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.
2013 წლის 22 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი საფლავიდან მოხდა. წმინდა ნეშტი დროებით ლუსკუმაში მოათავსეს. ერთი დღე წმინდა ნაწილები დაბრძანებული იყო სვეტიცხოველში, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უამრავმა ადამიანმა მოილოცა, მათ შორის, უცხოეთიდან ჩამოსულებმაც.გახსოვთ, ალბათ, სამების ეზო რამდენიმე დღე სავსე იყო მომლოცველებით...
მამა გაბრიელის ხსენება წელიწადში ორჯერ ხდება - 2 ნოემბერს, მისი აღსრულების დღეს და 22 თებერვალს, წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან აღმოყვანების დღეს.
***
ციხისჯვარში, რომელიც ბაკურიანთან მდებარეობს, ღირსი მამა გაბრიელის სახელზე 2012 წელს, მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, პატარა ტაძარი აიგო და ერთ წელიწადში იკურთხა.
ტაძარში სანამ ნანატრ სიწმინდეს მიეახლებით, დედა ნატალიას იხილავთ. დგას და რმენით მისულ გულებს ნუგეშის მომცემი სიტყვებით მასპინძლობს. ჰყვება სასწაულებზე, რომელსაც მამა გაბრიელის სარტყელი, მირონმდინარე ხატი და შესამოსელი ახდენს.
ლუსკუმაში დევს მამა გაბრიელის ანაფორა, ოლარი, რომლითაც ღვთისმსახურებს, მამა გაბრიელის საფლავზე, რამდენიმე ათასი პარაკლისი აქვთ გადახდილი.
იქვე დევს სარტყელი, რომელსაც წელზე გაიკეთებთ, წაიკითხავთ ლოცვას და მამა გაბრიელს შეწევნას გულით და რწმენით სთხოვთ.
დედა ნატალია მიყვება, რომ როდესაც მისმა შვილმა, არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ერისკაცობაში იოსებ ჯამბაზიშვილი) ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე ააშენა, მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შეჰრაცხული. ამდენად ეს არის ამ წმინდანის სახელზე აგებული პირველი ტაძარი.
"სარტყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყლის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.
ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება.
იკურნებიან დაავადებულები. ბავშვი ვერ მეტყველებდა. წაუკითხეს ეს ლოცვა, პირში უსვამდნენ მამა გაბრიელის ზეთს და მეორე წელს რომ მოვიდნენ, თქვეს, რომ ბავშვი ამეტყველდა. ერთი ვერ დადიოდა. ექიმებს უთქვამთ, ვერ გაივლისო. აქ მოლოცვის შემდეგ კი ბავშვს გაუვლია…" - უყვება დედა ნატალია "პრაიმტაიმს".
არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი: – სიწმინდეები მამა გაბრიელის დამ, ემა დეიდამ და დედა პარასკევამ გადმოგვცეს.
სარტყელის ისტორია ასეთია. საბერძნეთში რომ ვიყავი, იქ ვნახე, რომ წმინდა იოანე რუსის სარტყელს და სკუფიას (თავსაბურავი) იფარებდნენ და მასზე ლოცულობდნენ მომლოცველები.
სიწმინდესთან შეხებით ადამიანი მადლს იღებს. და მეუფეს ლოცვა-კურთხევით, ეს ტრადიცია, ჩვენთან გადმოვიტანე. აქამდე, საქართველოში, ასეთი ტრადიცია არ ყოფილა, რომ პირდაპირ ნივთებს მთხვეოდა ან გაეკეთებინა ისინი მრევლს.
ემა დეიდამ და დედა პარასკევამ მაჩუქეს მამა გაბრიელის სარტყელი და მას შემდეგ ის ჩვენს ტაძარშია.
ჩვენი ტაძარი უშვილოთა მფარველობით გამოირჩევა. სასწაულია ის, რომ მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში მოლოცვის შედეგად, უკვე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა. დაახლოებით 70 ბავშვი… უშვილოებს შვილი რომ მიეცემათ, მერე უკვე შემდეგ შვილებზე სალოცავად მოდიან, გოგო მინდა, ბიჭი მინდაო…
ბევრი განიკურნა კიბოსგან, სხვადასხვა დავადებისგან, მათ შორის, ქალური დაავადებებისგან. დიდება უფალს.
ვინც რწმენით მოდის და შესთხოვს, მამა გაბრიელი ისმენს მათ ლოცვას. ვისაც რწმენა არ აქვს, მამა გაბრიელი მასაც ეწევა, რომ რწმენაში მოაქციოს. მამა გაბრიელი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ძალიან დიდი რწმენის არ მქონე ადამიანებიც იღებენ კურნებას. ასე იყო მის საფლავზეც. სხვა რელიგიის ხალხი იღებდა შეწევნასა და მფარველობას. მოკლედ, მას რწმენაში მოჰყავს ადამიანი.