"აკლდამაში, მკერდზე მიკრული შვილით, ქალი იპოვეს..." - სოფელი, რომელმაც საქართველო შავი ჭირისგან გადაარჩინა

xevsureti2

სცენარისტი და ბლოგერი აკა სინჯიკაშილი, სოციალურ ქსელში ორი წლის წინ დაწერილ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელს ეხება, რომლის მცხოვრებლებმაც, საქართველო „შავი ჭირის“ ეპიდემიისაგან გადაარჩინეს:

„ორი წლის წინ დამიწერია ბევრისთვის უცნობი და გასაგიჟებლად მაგარი ამბავი სოფელზე, სადაც სულიერი აღარ ცხოვრობს და მზე ორჯერ ამოდის. სოფელი ანატორი, რომლის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია. სოფლის კოშკზე, ორი თოფიანი კაცი დააყენეს, რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ.

სოფლიდან 100 მეტრში, აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ, მით უმეტეს დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა, აზრზე ხართ? ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ შვიდი გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი, მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – “გაღმა სოფელში ასკილი ყვავის”. ასეთი ხალხი ცოტა დარჩა, ყველა ანატორელი კი გმირია, ყველა ადამიანისთვის გმირი“ – წერს სინჯიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანატორი (ნასოფლარი) – არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში, მდინარეების არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან. სოფელში, რომელიც ისტორიული წყაროებით, მე–18 საუკუნეში აკლდამებში ამოწყდა, ძირითადად, სისაურებს უცხოვრიათ.

1974-1976 წლებში ნასოფლარზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ტერასულად განლაგებული, ფიქლის ქვის მშრალი წყობით და ფიქლითა და ტალახით ნაგები XI-XV საუკუნეების ბანურსახურავიანი ნაგებობები. ადგილ ოჩიდალზე გაითხარა ოთხკუთხა ნაგებობა, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა გარეულ ცხოველთა (ირმების, არჩვების) რქები.

გარდა ამისა, აღმოჩნდა ლითონის სამკაულებიც. გადმოცემის თანახმად, ანატორის სასწაულთმოქმედ ხატს, ერთ-ერთმა ანატორელმა უარყო და შუბი ესროლა, რის შედეგადაც ხატი დაზიანდა და საშინელი განსაცდელი დაატყდათ თავს, ანატორელებს, შავი ჭირის სახით, აქაურად „ჟამი“ მოსდებია სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ასევე სენი რომ არ განევრცოთ და მთლიანად ხევსურეთს არ მოსდებოდა, სოფლიდან მოშორებით, მდინარის გადმოღმა აკლდამები აუგიათ, ჭირით შეპყრობილნი გადადიოდნენ მდინარეს, წვებოდნენ აკლდამებში და ელოდებოდნენ სიკვდილს, ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და ახლა მშიერ-მწყურვალნი თვითონ ელოდნენ სიკვდილს.

ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია. აკლდამური დაკრძალვის ეს წესი, შატილში, გვიანობამდე (XX საუკუნემდე) შემორჩა. კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, ანატორის ჯვარი, ალავერდიდან გადასულა ანატორში. ერთ მჭედელს, ამ ხატის დაბმა განუზრახავს და მასზე ოქროს ლურსმანი დაუჭედებია. ამაზე ხატი გაჯავრებულა, ჟამი გაჩენილა და ანატორელები ამოუხოცავს. ანატორში დღესაც დაცულია ამ ხატის საბრძანისი ნიში და ხატის ტყე. ხატობა იციან ამაღლებას და მახვეწარი, ანატორის ჯვარს, ღმერთთან შუამდგომლობასა და დახმარებას შესთხოვს.

სხვა სიახლეები