VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. 24 საათის განმავლობაში არ წყდება მოქალაქეების ნაკადი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ცხედარია დასვენებული. ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო.
უკვე ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ეს ინფორმაცია "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს. პატრიარქის ანდერძის თანახმად, მას კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ - იქ, სადაც მან მრავალწლიანი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა.
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მორწმუნე ადამიანი არ არის შეზღუდული დროში, მოვიდეს და პატივი მიაგოს პატრიარქის ხსოვნას. მოდიან ადამიანები სხვადასხვა კუთხეებიდან, მოჰყავთ ბავშვებიც, რადგანაც სურთ, რომ მათმა შვილებმაც გამოსათხოვარი პატივი მიაგონ მის უწმინდესობას. ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც თითქმის ყოველი ქრისტიანი.
კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიებისთვისაც.
ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა ბართლომეოსი, რომელიც მას წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისათვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენს მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი," - განაცხადა დეკანოზმა, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა თეიმურაზმა (თათარაშვილმა).