Exclusive: მსოფლიო ჩემპიონის მიერ მიტოვებულმა შვილებმა დედის კვალსა და ნათესავებს რუსეთში მიაგნეს

tatiana

1960 წელს დაბადებულმა ტატიანა ანისიმოვამ, რომელიც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ ბატუტზე ხტომაში, ერთ-ერთ სპორტულ შეჯიბრებაზე გაიცნო მოჭიდავე საქართველოდან. მათ მალე ოჯახი შექმნეს და ტატიანა საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა. შეეძინათ 2 ვაჟი. უმცროსი 3 თვის იყო, როდესაც დედამ ბავშვები მიატოვა და  საქართველოდან გაემგზავრა.

ბიჭები მამამ გაზარდა. შვილები რომ წამოიზარდნენ, დედის მოძებნა გადაწყვიტეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. უმცროსი ძმის მეუღლემ, ნინი ჩეჩელაშვილმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, საფუძვლიანად მისდგომოდა ძებნის პროცესს და შედეგს მიაღწია კიდეც.

ის „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ჰყვება ამბის დეტალებს:

– ჩემი მამამთილიც სპორტსმენი გახლდათ და შეხვდა ჩემს დედამთილს, ერთ-ერთ სპორტულ ჩემპიონატზე. ერთმანეთი გაიცნეს და როგორც ჩანს, მათ შორის რაღაც გრძნობა გაჩნდა. ჩემს მამამთილს მერე ჯარში მიუწია წასვლა და იქიდან გათავისუფლების შემდეგ გააგრძელეს ურთიერთობა. შემდეგ დაქორწინდნენ და ტატიანა საქართველოში ჩამოიყვანა. გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ. ორი შვილი შეეძინათ, უმცროსი გახლავთ ჩემი მეუღლე – გრიგორი ლოცოვანოვი. ძმები წლების წინ ეძებდნენ დედას. თითქოს მარტივია, იპოვო მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ისე მარტივი აღმოჩნდა – მის შესახებ ვერაფერი გაიგეს. ჩემი დედამთილის ძმის შვილებიც ეძებდნენ თურმე ჩემს ქმარსა და მაზლს და რამდენიმე წლის წინ მეზობელთან დარეკეს კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემმა მაზლმა ნომრის ჩაწერა ვერ მოახერხა და ისევ დაიკარგნენ, რადგან როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ ამათ არ აინტერესებდათ მათთან კონტაქტი.

შემდეგ მე გადავწყვიტე, ძებნის პროცესი გამეახლებინა და იმის შესახებ, რომ ვეძებდი დედამთილს, დავწერე ჯგუფში – „ვეძებ“. გამომეხმაურა ქალბატონი, რომელმაც დამაკავშირა რუსულ, მსგავსი მიმართულების ჯგუფებთან და ისინი ძალიან დამეხმარნენ. ჯერ ჩემი დედამთილის მეგობრები ვიპოვეთ, შემდეგ მათი დახმარებით ნათესავებსაც მივაგენით. ძალიან გაუხარდათ ბიძაშვილებს.

რაც საქართველოდან წავიდა, იმის შემდეგ დედას შვილები არ მოუკითხავს, რადგან როგორც მისმა მეგობარმა გვითხრა, მშობლიურ ქალაქ ეკატერინბურგში დაბრუნების შემდეგ სასმელს მისძალებია და ამის გამო სერიოზული პრობლემები ჰქონია. შვილები იქ რომ ჩაეყვანა, მაინც წაართმევდნენ და ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ. მეტჯერ არ გათხოვილა, სხვა შვილები არ ჰყავს.

სამწუხაროდ, ბიჭებმა დედა ცოცხალი ვერ ნახეს. როგორც ჩვენ გავიგეთ, ტატიანა 2003 წელს გადრაცვლილა. ახლად შეძენილ ნათესავებს ჯერ ყველაფერს ვერ ვეკითხებით, ჩემი მეუღლე მათთან კონტაქტისას ძალიან ფრთხილობს. თავდაპირველად, როდესაც მათ მივაგენით, კონტაქტზე გამოსვლა თითქოს არ სურდათ, მაგრამ  როცა გაიგეს, რომ ტატიანას ქონებაზე შილებს პრეტენზია არ აქვთ და მხოლოდ და მხოლოდ დედისა და ნათსავების პოვნა სურდათ, დიდი სიხარულით გამოგვეხმაურნენ. ახლა თავისთან სტუმრად გვეპატიჟებიან, თუმცა მე და ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ ვცხოვრობთ და ჯერ ჩასვლას ვერანაირად ვერ მოვახერხებთ.

სხვა სიახლეები