„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
"ჩემი ცხოვრების უმძიმესი ეპიზოდი იყო - 6 თვის ბავშვს წესი არ აუგეს, ის ავარიაში დაგვეღუპა" - მომღერალი ირმა სოხაძე "პრაიმტაიმთან" ტრაგედიაზე საუბრობს, რომელიც მის უახლოეს გარემოცვაში დატრიალდა.
საზარელ ავარიას 6 თვის ბავშვი და ორივე მშობელი ემსხვერპლა. ქრისტიანული წესის შესაბამისად, გარდაცვლილ მშობლებს სასულიერო პირმა წესი აუგო, ხოლო ჩვილი მონათლული არ ყოფილა და ამ მიზეზით მისთვის რელიგიური რიტუალების ჩატარებაზე ეკლესიამ უარი თქვა.
მომღერალი ამბობს, რომ შეუძლებელია ისეთი ჰუმანური რელიგია, როგორიც ქართული ქრისტიანობაა, მკვდრადშობილ, ან გარდაცვლილ მოუნათლავ ადამიანს და მით უფრო ბავშვს ასე სჯიდეს. ის ქართულ ეკლესიას სთხოვს, წესი, რომლის მიხედვითაც, მოუნათლავი დაღუპული ბავშვები რელიგიური რიტუალების მიღმა რჩებიან, გადაიხედოს და ჰუმანური რელიგია სწორედ ჰუმანურად მიუდგეს.
ირმა სოხაძე ფიქრობს, რომ თუ მჩხიბავებს, მკვლელებს, სხვა მძიმე ცოდვის ჩამდენებს ეკლესია მიუტევებს, მაშინ რატომ ისჯებიან გარდაცვლილი მოუნათლავი ბავშვები, ან თუნდაც თვითმკვლელები, რომელთა ნაწილი შესაძლოა, ფსიქიკური დაავადების მატარებელი იყო, ან იმდენად სასოწარკვეთილი, რომ ამქვეყნიური ცხოვრების არსს ვერ ხედავდა...
"ჩემი ცხოვრების უმძიმესი ეპიზოდი იყო, როცა ახლობლები გარდამეცვალნენ. ავტოკატასტროფას 6 თვის ჩვილი და მისი მშობლები შეეწირნენ. სასულიერო პირმა მშობლებს წესი აუგო, ხოლო ბავშვს, რომელიც მონათლული არ იყო, ეს რიტუალები არ ჩატარებია.
ასეთ დროს, ოჯახის წევრები განსაკუთრებულად იმედგაცრუებულები არიან და საშინელებაა იმის გააზრება, რომ შენს მიცვალებულს ვერაფერს უკეთებ. მათ რელიგია ზურგს აქცევს მაშინ, როცა ქრისტიანობა ყველაზე მიმტევებლური და ჰუმანური რელიგიაა. იმდენად ჰუმანური, რომ მჩხიბავებს, მკვლელებს და სხვა უმძიმესი ცოდვის ჩამდენებს ყველაფერი მიეტევებათ და სასულიერო პირები ყველა საჭირო რელიგიურ რიტუალს უტარებენ.
არ მგონია, მაგალითად მოუნათლავ ჩვილებს ქრისტიანობა სჯიდეს. ალბათ, ეს ჩვენი ეკლესიის მიერ დადგენილი წესია, რომელიც ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს, თუნდაც ცოცხალი ახლობლებისთვის, რომლებისთვისაც გარდაცვლილთა სულების მოხსენიება, მათთვის პანაშვიდების გადახდა ან საკურთხის მომზადება ერთგვარი შვებაა.
ამიტომ, ყველას ვთხოვ, დავინტერესდეთ ამ თემით და მოვარგოთ ეს წესი იმ ჰუმანურობას, რომელსაც მართლმადიდებლობა ქადაგებს." - ამბობს ირმა სოხაძე.