პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექსტრავაგანტური, შთამბეჭდავი, სანახაობრივი... შეიძლება, ასე ვუწოდოთ მაისის პირველ ორშაბათს. დღეს, როდესაც Met Gala იმართება. ამ დროს ცნობილი სახეები განსაკუთრებული კოსტიუმებითა და სხვადასხვა, მრავალფეროვანი აქსესუარებით მსოფლიოს გაოცებას ცდილობენ. 2022 წლის Met Gala-ს თემა„ამერიკული მოდის ათნოლოგია“ გახლდათ. მიწვეულ სტუმართა შორის სუპერ მოდელი ბელა ჰადიდიც იყო, რომლის კაბაზეც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა, თეა ოთარაშვილმა იმუშავა. მასთან „პრაიმთაიმმა“ ინტერვიუ ჩაწერა. დიზაინერმა ჩვენთან საუბრისას სამუშაო პროცესისა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ, ექსკლუზიურად ისაუბრა.
,,ლონდონიდან Burberry-ის მენეჯერი დამიკავშირდა და მკითხა, თუ მქონდა დრო და საშუალება, კონკრეტულ კაბაზე მემუშავა. ვის კაბას ვქმნიდი, ეს მოგვიანებით გავიგე, რადგან ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. არავინ არაფერი იცოდა, რომ წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო. როგორ კაბას ჩაიცვამდა ბელა ან რომელიმე სხვა ცნობადი სახე. პირადად მე, ბელა ჰადიდის კაბაზე ვმუშაობდი. ზედა ნაწილზე, რომელიც ტყავისგან დამზადებულია, არ მიმუშავია. ჩემი სპეციფიკა შიფონის შლეიფი იყო, რომელზედაც მთლიანად ხელით გიპიური დავაკერეთ. კაბას გარშემო ჰქონდა სვაროვსკის მძივები, რომლებზეც, რა თქმა უნდა, ასევე ხელით იყო ნამუშევარი. კაბას ოთხი დღე მოვუნდით. ამ დროის მანძილზე ფაქტობრივად, არც მეძინა. მოზომვის პროცესს არ დავსწრებივარ. ბელა სასტუმროში იყო და იქ მიჰქონდათ დიზაინერებს კაბა მოსაზომად, დღეში რამდენჯერმე. თუ რამე არ მოეწონებოდა, გამოვასწორებდით. დარღვევაც მოგვიწია, გადაკეთებაც...
ადრე, სელნა გომესის კაბაზეც ვმუშაობდი, რომელიც მომღერალს 2018 წლის „მეთ გალაზე“ ეცვა. მახსოვს, ღონისძიების წინა საღამოს დაგვირეკა და გვითხრა, რომელ კაბასაც იცვამდა (კაბა დასრულებული იყო), ის აღარ უნდოდა. არჩევანი მეორე კაბაზე შეაჩერა. ეს კაბა მხოლოდ ნახევრამდე იყო მიყვანილი. პერსონალი უკვე წასული იყო. მხოლოდ მე და ჩემი მეწყვილე ვიყავით დარჩენილები. სელენას კაბაზე გიპიური მთლიანად მე შევასრულე. მოზომება უკვე „მეთ გალას“ დღეს იყო, სასტუმროში.
ცოტა ხნის წინ ბიონსეს კაბაზეც ვიმუშავე, რომელიც მან დიზაინერ Rosie Assouli-ს შეუკვეთა. როგორია ეს კაბა, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. მასზე 18 საათის განმავლობაში ორი ადამიანი ვმუშაობდით. შემოქმედებითი პროცესი ძალიან სასიამოვნოა. მერე უნებურად დაღლაც მოგეხსნება. შედეგის ნახვის შემდეგ, როცა ვრწმუნდები, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბედნიერი ვარ...“
„აქ, არ აინტერესებთ ვინ ხარ, მთავარია საქმე კარგად გააკეთო“ - გზა ამერიკამდე
,,5 წლის წინ, ამერიკაში სრულიად შემთხვევით წავედი. საქართველოში საქორწილო კაბების მაღაზია მქონდა, მარჯანიშვილზე. აღმაშენებლის ქუჩის აღდგენას ჩემი მაღაზიის დანგრევაც მოჰყვა. ისეთი სიტუაცია შემექმნა, რომ საქართველოში ვეღარ გავჩერდებოდი. გადასახადები გაძვირდა, კლიენტიც შემცირდა. შევედი საკონსულოში და ვიზა მომცეს. ახლა, სახსრების პრობლემა მაქვს. მთელი წელი სახლიდან ვმუშაობდი. ამერიკაში ბევრი ნათესავი მყავს.
სამი თვე მათთან ვცხოვრობდი. ჩემი ოჯახის წევრმა, ერთ-ერთ კომპანიაში დარეკა და უთხრა: რუსული არ იცის, არც ინგლისური, არ აქვს საბუთები და იქნებ მიიღოთო. კომპანია ჩემი ნამუშევრის ნახვას დასთანხმდა. როგორც მივედი, დავალება მომცეს - კაბა უნდა შემეკერა. ჩემი წამოსვლიდან დაახლოებით 15 წუთში დამირეკეს, რომ შემეძლო, მუშაობა დამეწყო. ძალიან მოეწონათ ჩემი ნახელავი. იმ ფაქტს, რომ უსაბუთოდ ვიყავი, ყურადღება არ მიაქციეს. ფაქტობრივად, მათ მასწავლეს ინგლისური ენა და ამერიკული მუშაობის წესები. ერთი წელი ვიმუშავე მათთან. შემდეგ მიმიწვიეს Coach-ში, სადაც ექვსი თვე ვიყავი. სწორედ, ამ პერიოდში ვიმუშავე სელენა გომესის კაბაზე, „მეთ გალასთვის“. ამჟამად კი, ერთ-ერთ ებრაულ კომპანიაში ვმუშაობ.
აქ არ აინტერესებთ, ვინ ხარ. მთავარია, შენი საქმე კარგად გააკეთო. კომპანიაში ყველანაირად პატივს გცემენ და რითაც შეუძლიათ, გეხმარებიან.
,,დიდი გეგმები მაქვს“ - ამერიკული ოცნება
,,როცა გამოვჯანმრთელდები მინდა, რომ საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდე და ბედი ჰოლივუდში ვცადო. დიდი გეგმები მაქვს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი რაც მე შევძელი, მარტივად მისაღწევია, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ არის. საქართველოში ძალიან რთული სამსახური მქონდა. ვფიქრობდი, ამერიკაში ამაზე რთული რა უნდა დამხვედროდა, თუმცა აქ ბევრად რთული გრაფიკია. ამ წარმატების უკან ძალიან ბევრი უძილო ღამე დგას. იყო დრო, როცა 8 საათი ვმუშაობდი, დამატებით კი, კერძო შეკვეთები მქონდა. იყო პერიოდი, რომ მხოლოდ ორი საათი მეძინა. ძალიან რთულია წარმატების მიღწევა, მაგრამ, თუ მოინდომებ ამერიკაში უფრო მეტი შანსი გაქვს, ვიდრე საქართველოში...