„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს“ – ახალი ვირუსის შესახებ გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს
1736162760
პატრიარქი 4 იანვარს 92 წლის გახდა. ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე "პრაიმტაიმთან" იხსენებს ისტორიას, რომელიც უწმინდესმა მას და მის მეუღლეს, ამირან არაბულს უამბო.
ეთერ თათარაიძე: ისეთი სიყვარული და იმდენი სითბო და სიტკბო მიგვიღია პატრიარქისგან, რომელსაც არც ვიმსახურებთ. ის მართლა სითბოსა და სიტკბოსთვის არის ამ ქვეყანაზე გაჩენილი. ვერც დავიჯერებ გაჯავრება, ან ხმამაღლა რამის თქმა თუ შეუძლია. ეს არ შემიძლია წარმოვიდგინო. რაც უფალს მასთან ყოფნის ბედნიერი საათები და წუთები მოუცია, მხოლოდ სიმშვიდის და იმედის მოცემი ყოფილა ჩემთვის. როგორც მთის ქალი, მე მასში ყველა იმ ღირსებას ვხედავ, რაც მთის კაცს შეიძლება ჰქონდეს.
საქართველოს არც ერთი პატრიარქი არ იყო თუშეთის და ხევსურეთის მიწაზე ნამყოფი. და უფალმა მოგვცა ამის წყალობა და როდესაც ჩვენმა სათაყვანებელმა პატრიარქმა, იქ პირველად დაადგა ფეხი, თან ჩვენ ვახლდით. ვერტმფრენით ჩავფრინდით და სამი დღე იქ გავატარეთ.
ომალოში რომ ჩავფრინდით, მოიტანეს ამბავი, რომ დილით ერთ-ერთ ოჯახში აფორიაქებული შველი შევარდნილა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარაო, გვიყვებოდნენ. და სწორედ იმ დღეს ჩაფრინდა იმ მიწაზე უწმინდესი.
ეკლესიამდე მიმავალ გზაზე, მთელმა თუშეთმა მინდორში დაკრეფილი ალპური გვირილების და ყაყაჩოების ბილიკი დაუფინა პატრიარქს. მაშინ ბრძანა უწმინდესმა, მე რომ შემეძლოს ჩემს გულს თუშეთში დავტოვებდი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ვუყოო?
ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.
ერთხელ მე და ამირანს გვიამბო მგლის ამბავი (ალბათ, ბევრ სხვასაც).
სნოდან მისმა დეიდაშვილმა, უკვე ცხონებულმა იორამ ღუდუშაურმა მგლის ლეკვი ჩამოუყვანა საჩუქრად და საპატრიარქოში დაუტოვა. პატრიარქი ჰყვება, ვერც ის ვუთხარი, რატომ ჩამომიყვანეო, რახან საჩუქარი იყოო. და მთელი ზამთარი ეფერებოდა თურმე, უვლიდა ამ მგლის ლეკვს. რაც მთავარია, ეს დატყვევებული მგლის ლეკვი ეცოდებოდა.
გაზაფხულზე ახლობლებს თხოვა, მგელი უკან წაეყვანათ და დეიდაშვილთან დააბარა, სთხოვეთ იორამს ეს ლეკვი ბუნებაში გაუშვასო. ერთხელაც, როდესაც სნოში აბრძანდა პატრიარქი, იორამის სახლთან გაუვლია და დაუნახავს, ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ბადესთან ახლოს და დაველაპარაკე: შენ ისევ აქ ჰყავხარ, ამდენი ხანი არ გაგიშვა, ისევ ტყვეობაში ხარ-მეთქი? და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეში; მომიახლოვდაო და თითებზე ლოკვა დამიწყოო. ეტყობა, ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი. მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...
მისი ლოცვითა და ვედრებით სულ მშვიდობა და ბედნიერება იყოს ჩვენს ქვეყანაში.