ბრალდება წარუდგინეს, თითქოს ჩონჩხი თაფლის სანთლებით გასანთლეს და უხრწნელ ცხედრებს დაამსგავსეს... - სასწაულმოქმედი ტაძრის მრევლის დაუჯერებელი ამბავი

თომას ტაძარი

მაია ზესკია გვიზიარებს ინფორმაციას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შესახებ, რომლის არსებობა, როგორც გაირკვა, ბევრმა არ იცის.

წალკის რაიონში, სოფელ რეხაში, ტყისპირა გორაკზე დგას ერთი პატარა სამლოცველო. იგი აშენებულია იმ უძველესი ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც აქ 93 წლის წინათ, 1925 წლის ზაფხულში, მიწაში ჩამარხული იპოვეს. აქ მომხდარი სასწაულები მაშინ, იმ ურწმუნო წლებში, მთელ საქართველოში ქუხდა. ამას მაშინდელი პრესაც ადასტურებს.

როგორ იპოვეს ტაძარი?

ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან მას რეხას მკვიდრის, 24 წლის თომა საბაძის გამოცხადების საფუძველზე მიაგნეს. თომა ბავშვობიდან ეპილეპსიით იტანჯებოდა თურმე - დღეში რამდენიმეჯერ ჰქონია გულყრა. მოზარდობისას მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი ქალი გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ ამიერიდან ძალზედ იშვიათად, მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ მოუვლიდა ბნედა.


მართლაც ასე მოხდა - ფაქტობრივად, თომა თითქმის განიკურნა. ოფიციალური მასალების მიხედვით, შემდგომ ხილვებში უკვე 24 წლის თომას ღვთისმშობელმა აუწყა მიწაში ჩამარხული თავისი ტაძრის შესახებ და მისი გათხრა დაავალა.. მაგრამ თავიდან თომამ ხილვას ყურადღება არ მიაქცია.


შემდგომ ხილვაში ყოვლადწმიდამ თომას უბრძანა, რომ ურჩობისთვის მას დასჯიდა და ნიშანსაც დაადებდა. მართლაც, სულ მალე შინ მყოფმა თომამ გრძნობა დაკარგა და მდუღარე წყლიან ქვაბში თავით ჩავარდა. ოთხი დღე იგი ბრმა იყო, მერე თვალი კი აეხილა, მაგრამ თავზე დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა.
ამის შემდეგ თომა მითითებულ ადგილას მიდის სოფლის მღვდელ მამა გიორგისა (გვარად დარჩია) და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად და მიწის გათხრას იწყებს.


ეს ადგილი სოფლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, გორაკის თავზე, ტყის პირას იყო. ორიოდე მეტრის გათხრის მერე მიწაში ჩამარხული ტაძრის ნანგრევები გამოჩნდა. ნანგრევებთან ერთად იპოვეს ხუთი უხრწნელი ცხედარიც, სავარაუდოდ, აქაური ბერების.


გადმოცემით, ამას ისეთი ნათება ახლდა თურმე, რომ სოფლიდან ამბის გასაგებად ხალხი გამოუგზავნიათ.
სულ მალე ცხადი შეიქმნა, რომ ტაძარი სასწაულმოქმედი იყო, რადგან აქ ამოსული ყველა ავადმყოფი განიკურნა. ეს ამბავი ვერანაირად ვერ დაიმალებოდა და პირიდან პირზე გარშემო სოფლებში, მალე კი მთელ საქართვეელოში გავრცელდა. არადა, მოგეხსენებათ, ეს საბჭოთა ხელისუფლების წლებია, როცა პირჯვრის გადაწერაც კი იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, რეხასაკენ წმინდა ნაწილების მოსალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი დაიძრა.


სასწაულები ყველას თვალწინ ხდებოდა - ბრმებს თვალი ეხილებოდათ, მუნჯებმა ენა ამოიდგეს, ავადმყოფები იკურნებოდნენ..... ეს აქ შეკრებილი ასობით ადამიანის თვალწინ ხდებოდა. პოლიციამ გზები ჩაკეტა, რადგან რეხასკენ ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ისინი ტაძართან ათენებდნენ და, სასწაულების ხილვით აღფრთოვანებულები, ადიდებდნენ უფალს.


თვითმხილველთა გადმოცემით, იყო შემთხვევაც, როცა თომამ იქ შეკრებილ ხალხს სასწრაფოდ დაჩოქებისკენ მოუწოდა - მისი თქმით, იმ წუთებში თავად დედა ღვთიშობელი იყო მობრძანებული ტაძართან.
ხალხს კი ამ დროს სრულიად უღრუბლო ციდან მხოლოდ ჭექა-ქუხილისა და გრგვინვის ხმა ესმოდა თურმე, დანახვით კი ვერაფერს ხედავდნენ.


მასობრივმა კურნებებმა ყველაზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ რამდენიმე პარტიულმა მუშაკმა და კომკავშირელმა პარტიის მანდატებიც კი დათმეს და, როგორც გამოძიების მასალებშია აღნიშნული, მორწმუნეებს შეუერთდნენ.


სასჯელი


ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებას ასეთი რამ არ გამოეპარებოდა. 1926 წლის ნოემბერში 26 კაცი დააპატიმრეს. ეს იმდენად რეზონანსული საქმე იყო, რომ სასამართლო პროცესიდან რეპორტაჟები პირდაპირ გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა სახელწოდებით „წალკელ სასწაულქმედთა საქმე“. პირველ სასამართლო სხდომას 1000-ზე მეტი გლეხი ესწრებოდა.


მორწმუნეებისათვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება ასეთი იყო : თითქოს მათ მიცვალებულთა ხუთი უბრალო ჩონჩხი თაფლის სანთლებით გასანთლეს და უხრწნელ ცხედრებს დაამსგავსეს, ანუ თითქოს ეს უხრწნელი ცხედრები კი არა, სანთლის სხეულები იყო. აი, ასეთი აბსურდული ბრალდება იყო..
პატიმრები გორის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ სასწაულები იქაც გაგრძელდა: რეხელთა გადმოცემით, ყოველ დილა ბადრაგს თომასა და მამა გიორგის საკნების კარი ღია ხვდებოდა ( და არა მარტო მათი), ეს მიუხედავად მათი გარედან საგულდაგულოდ დაგმანვისა.


ამბობენ, რომ ზებუნებრივი ძალების ამგვარი გამოვლინების ზეგავლენით,, პატიმრები მალევე გამოუშვეს და ისინი კვლავ სოფელში დაბრუნდნენ. განაგრძეთ კითხვა