ვინ თავისუფლდება სალარო აპარატების გამოყენებისგან - სასიამოვნო ინფორმაცია მოვაჭრეებისთვის

ფინანსები

პარლამენტმა გამარტივებული წესით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2023 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან, ნაცვლად 2022 წლის პირველი იანვრისა, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ცვლილება ეხება 2017 წელს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც შეეხება ბაზრობის ტერიტორიაზე არასტაციონარულ სავაჭრო დახლზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმის ვალდებულებას. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება გადავადდა 2022 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით, გთავაზობთ ამ ცვლილების გადადებას 2023 წლის პირველ იანვრამდე.

ეს გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, რომელიც პანდემიის შედეგებს უკავშირდება და ერთწლიანი შეღავათი გათვალისწინებულია სწორედ ამ კანონით“, – განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილის თქმით, ამ კანონის თანახმად, აღნიშნული პირები ასევე გათავისუფლდებიან ჯარიმებისაგან.