გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში

გიორგი გვარაკიძე

საქართველოს პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

გენერალური პროკურორის თქმით, 2025 წელს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება დაიწყო 537 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ საქმეთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, მითვისება-გაფლანგვის, სატრანსპორტო დანაშაულების, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე.

ანგარიშის წარდგენისას, გენერალურმა პროკურორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჯარო დაწესებულებებში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სამოხელეო, კორუფციული და სხვა სახის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი განცხადებით, 2025 წელს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად მუშაობდნენ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების გამოვლენასა და მათზე ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფაზე.

ანგარიშის წარდგენისას გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც საგამოძიებო დანაყოფებთან, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებთან აქტიურმა და კოორდინირებულმა თანამშრომლობამ.