ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში, სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-11 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-11 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სხდომა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკომისარმა ენერგეტიკისა და საბინაო მეურნეობის საკითხებში დენ იორგენსენმა.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის ენერგეტიკულ დაკავშირებადობის პროცესში. მისი თქმით, საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას.

„როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის სატრანზიტო ქვეყანა, მზად ვართ, უზრუნველვყოთ კასპიის რეგიონიდან ევროპის ბაზრებზე ნახშირწყალბადების საიმედო და უწყვეტი ტრანსპორტირება. სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნისთვის ჩვენი საერთო ძალისხმევის შესანიშნავი მაგალითია“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის პოლიტიკის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა მწვანე ენერგეტიკა, ენერგოეფექტურობა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მწვანე წყალბადის განვითარება. მისივე განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია სრულ შესაბამისობაშია გლობალური მდგრადობის მიზნებთან, კერძოდ, ნახშირბადის ემისიების შემცირებასთან ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყნის განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასა და გადამცემ ინფრასტრუქტურაში, ასევე აქტიურადაა ჩართული რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.