რამდენ პროცენტამდეა შესაძლებელი საპენსიო სესხის პროცენტის დაწევა

პენსია

რამდენ პროცენტამდე არის შესაძლებელი საპენსიო სესხის პროცენტის დაწევა და რა მექანიზმი აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს" - საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს.

კანცელარიაში იმყოფებიან კანონპროექტის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე.

პარტიის წევრების თქმით, იმისთვის, რომ პენსიონერებისთვის სესხების პროცენტის დაწევა მოხდეს, უნდა იყოს ბუნებრივი კონკურენცია და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა ბანკებში მათი სურვილისამებრ აიღონ პენსიაც და საჭიროების შემთხვევაში სესხიც. ეს კი პროცენტების კლებას გამოიწვევს.

„მსოფლიოში პრაქტიკა არ არსებობს, რომ პენსიონერს საბანკო პროცენტით ახდევინებდნენ პენსიის მიტანის ფულს, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ საკითხს, სადაც იქნება ბანკების მრავალფეროვნება, თვითონ აირჩევენ, რომელ ბანკში უნდათ პენსიის აღება და იქ რაღა თქმა უნდა, ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს ეს ფული," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

განიხილება ასევე სუბსიდირების საკითხი, თუმცა არასამთავრობო სექტორი სუბსიდირებას არ ემხრობა.

"წინააღმდეგი ვარ სუბსიდირების, დაწყებული ყურძნის და ღვინის სუბსიდირებიდან დამთავრებული სესხების სუბსიდირებით. არც ის მომწონს, რომ იპოთეკური სესხის ასაღებად პროცენტს უწევენ ჩვენი გადასახადებიდან, მთავრობა იღებს ამ გადაწყვეტილებებს და არც საპენსიო სესხების სუბსიდირებას ვემხრობი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საბანკო მომხმარებლების ინტერესები იყოს დაცული, თუმცა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას რაც შეეხება, ეს უნდა იყოს საბაზრო," - აღნიშნა "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.