კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ზუგდიდის 35 წლის ირინა ყორშიამ საკუთარი ბიზნესი 5 წლის წინ წამოიწყო. თავდაპირველად, სამკაულებს სუტაჟის თასმით ქმნიდა. შემდგომ, ბაზრის მოკვლევისას გადაწყვიტა, რომ ტყავის აქსესუარების დამზადება ეცადა.
ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და ქამრები - დღეს ირინას ნამუშევრებს, რომელსაც მომხმარებლები IRDA-ს სახელით იცნობენ, მარტივად ამოიცნობთ. მას აქსესუარებს უკვეთავენ, როგორც ადგილობრივები, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები.
ახალგაზრდა მეწარმე ქალი ამბობს, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებლებიც ხშირად ეხმიანებიან, მათ შორის, ეთნიკური აფხაზები.
„ანაკლიაში გავიზარდე, რვა წლიდან ვხატავდი, ვკერავდი და ვქსოვდი. ძალიან მიყვარდა ეს საქმე და სიამოვნებას მანიჭებდა. გარდა ამისა, ავეჯსაც ვუკეთებდი რესტავრაციას და სახლის დიზაინსაც ჩემი გემოვნებით ვანახლებდი. ვხატავდი მოდელებს ნაირ-ნაირი სამოსით და ამან ჩემში გააღვიძა სურვილი, რომ ეს ნახატები რეალობად მექცია, დიზაინერი გავმხდარიყავი, შემეკერა სამოსი და ჩემი ინდივიდუალური ხაზი მქონოდა. არც სამხატვროში და არც რამე სხვა წრეზე არასოდეს მივლია. რასაც მიზნად დავისახავდი, ყველაფერს ვაკეთებდი და გამომდიოდა. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოდელირება–დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. არაჩვეულებრივი ლექტორები დამხვდნენ, მათ შორის გამოირჩეოდა დიზაინერი ლალი გელაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი ცოდნა გადმომცა“, - ამბობს ირინა.
იგი რეგიონში ერთადერთი მეწარმე ქალია, რომელიც ტყავზე მუშაობს.
„ამ ეტაპზე საკუთარ სახელოსნოში სხვადასხვა დიზაინის ჩანთებსა და საფულეებს ვქმნი. ამ სფეროში ქალები ნაკლებად მოღვაწეობენ, მით უმეტეს, საქართველოში. ტყავი ერთ-ერთი ყველაზე რთული მასალაა დასამუშავებლად და შესაკერად. თუმცა, იმდენად მომწონს მასზე მუშაობა, რომ სირთულეებს არ შევუშინებივარ. უკვე დავამტკიცე, რომ ყველაფერს, რასაც ე.წ. კაცის პროფესიას ეძახიან, თავისუფლად შეუძლია ქალიც დაეუფლოს.
პერსონალური გამოფენა ჯერჯერობით არ მქონია, თუმცა საქართველოს მასშტაბით გამოფენებში მიწვევენ და ვმონაწილეობ.
ესპანეთში ვიყავი მიწვეული გამოფენაზე, სადაც საქართველოს კუთხე პირველად გაკეთდა. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და საინტერესო შეხვედრებს დავესწარი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ (EDEC) მიერ. ამ ცენტრში მეწარმეთა სკოლის ტრენინგები მაქვს გავლილი და ისიც ყველაზე წარმატებულ მეწარმეებს შეგვხვდა და ჩვენ საქმიანობას პირადად გაეცნო.
რამდენიმე გოგონას შევასწავლე სუტაჟის ტექნიკაზე მუშაობა, რისი მეშვეობითაც სამკაულებს ქმნიან. დღეს ნაწილი მუშაობს და თავისი შემოსავალი აქვს, ნაწილი კი ამ ცოდნას თავად უზიარებს სხვებს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი გამოცდილების სხვებისთვის გაზირება ძალიან დიდი ხელშეწყობაა, რადგან მათ ამ ყველაფრის მიღების მერე ბევრად მარტივად შეუძლიათ საქმის კეთება და შედეგსაც მალევე აღწევენ“, - აღნიშნავს მეწარმე.
ირინა ყორშიას სახელოსნო ზუგდიდშიც აქვს. მას შეკვეთები სხვადასხვა ორგანიზაციებიდანაც აქვს ტყავის აქსესუარებსა თუ ბლოკნოტებზე.