სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის კიდევ 10 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების კიდევ 10 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მათ შორის რამაზ ჯორბენაძის ადვოკატმა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი - ფორმა 100 წარადგინა.

პროკურორმა კი პროცესზე ბრალდებულების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა - მოწმეებზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგინა.

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირიდააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.