აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, აზიურ საფონდო ბაზრებზე 2008 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნა დაფიქსირდა

საფონდო ბაზრები

„ბლუმბერგის“ ცნობით, აზიური საფონდო ინდექსი MSCI Asia Pacific Index, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 13 ქვეყნის მაღალი და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს, 7 აპრილის ვაჭრობის დროს 7%-ზე მეტით დაეცა, რაც ამ ინდექსისთვის 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოჩნდა. სააგენტოს ცნობით, ჰონგ-კონგის ბირჟაზე კოტირებული ჩინური აქციების ძირითადი ინდიკატორი 10%-ზე მეტით დაეცა.

აზიური ბაზრების უმეტესობაზე ვაჭრობა მინიმალურ ნიშნულზეა. ტაივანის საფონდო ინდექსი, რომელიც ტექნოლოგიურ სექტორზეა ორიენტირებული, რეკორდული 9.8%-ით დაეცა. იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ძირითადი ინდექსები 4%-ზე მეტით, ხოლო ინდოეთის ძირითადი ინდექსი 5.1%-ით დაეცა, რაც 2024 წლის ივნისის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. ზოგიერთ ქვეყანაში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და ვიეტნამში, ბაზრები დახურულია დღესასწაულების გამო, მაგრამ ბოლო დღეებში იქაც შეინიშნებოდა კლება.

ვარდნა ასევე შეეხო აზიურ ვალუტებს, მათ შორის ჩინურ იუანს, ყველაზე მეტად კი ფილიპინური პესო გაუფასურდა.

აზიური ბაზრებზე ვარდნა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფონზე გრძელდება.

ტრამპმა 2 აპრილს აშშ-ში საქონლის იმპორტზე გადასახადები დააწესა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. ამ ფონზე აშშ-ის აქციების ბაზარმა აპრილის პირველ კვირაში COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე უარესი ვარდნა განიცადა. ამერიკული საფონდო ინდექსები 2024 წლის მაისის შემდეგ მინიმალურ ნიშნულებამდე დაეცა. Dow Jones-მა კვირის განმავლობაში თითქმის 8% დაკარგა, S&P 500-9%-ზე მეტი, Nasdaq – 10%.