მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობს

ავარიული სახლები

დედაქალაქის ერთ-ერთი გამოწვევა ავარიული სახლების საკითხია. ამ დროისთვის, თბილისში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც შენობაში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე გამვლელებს. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერია საზოგადოებას ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამას სთავაზობს.

პროგრამის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მცხოვრებლები შეთანხმდებიან და შესაბამის სამსახურს შენობის ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართავენ, მერია ავარიული საცხოვრებლის დემონტაჟზე და მის ნაცვლად თანამედროვე შენობის აშენებაზეა პასუხისმგებელი.

პროგრამა მხოლოდ მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რომლის ხარისხიც V, IV ან III კატეგორიით ფასდება.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა, "რუსთვის 2-თან" საუბარში განაცხადა, ავარიული სახლის ჩანაცვლებად განისაზღვრა დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობის განთავსება ისე, რომ დაცული იქნას დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და სხვა კანონიერი ინტერესები.

"საბინაო ფონდის დიდ ნაწილს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა ან გარკვეულმა გეოლოგიურმა პროცესებმა განაპირობა მათი ავარიულობის ხარისხი, რაც დროთა განმავლობაში პროგრესირებს და ვერ ხერხდება უსაფრთხო გარემოსთვის საჭირო პირობების შექმნა. აღნიშნული შენობების ნაწილს მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი და გააჩნიათ ისეთი პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უშუალოდ მაცხოვრებლების, ისე გამვლელთა უსაფრთხოებას. ასეთ შენობათა უმრავლესობაში გაუმართავია ლიფტები, მოუწესრიგებელია სადარბაზოები, ეზოები და სხვა. საბჭოთა დროინდელი შენობების უდიდესი ნაწილი, ექსპლუატაციის ვადის გასვლისა და არასათანადო იერსახიდან გამომდინარე, საჭიროებს თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივ ჩანაცვლებას. ამასთანავე, ჩანაცვლებული შენობები უნდა ქმნიდნენ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს, ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ მოწესრიგებულ საბინაო ფონდს მოქალაქეთა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ქვარა ჩართოლანმა.

ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ საკითხთან დაკავშირებით შენობაში მცხოვრები ყველა პირი შეთანხმებული იყოს. შემდეგ, მესაკუთრეები თბილისის განვითარების ფონდს განცხადებით მიმართავენ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობის მიღების თაობაზე.

გარდა ამისა, სახლის ჩანაცვლების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა, რომ მესაკუთრეებმა შემდეგი საბუთები წარადგინონ:

დაინტერესებული პირების წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე.
ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ.
 შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოები.
ჩასანაცვლებელი ავარიული სახლი ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას, რაც დასტურდება შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით) დამადასტურებელი დოკუმენტით, გაცემული – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს,

„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ან სხვა აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ.
დაინტერესებული პირების საკუთრების ობიექტის მოცულობას ჩასანაცვლებელ ავარიულ სახლში.
დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობას საცხოვრებლით თბილისის განვითარების ფონდი მანამ უზრუნველყოფს, სანამ თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა არ დასრულდება.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის მოადგილე აცხადებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 მისამართზე მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია. ჩასანაცვლებელი ავარიული სახლის ნაცვლად ახალი შენობა-ნაგებობის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება აქტიურ რეჟიმშია 30 მისამართზე, ხოლო აქტიური მოლაპარაკების რეჟიმშია 100-მდე მისამართზე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მშენებლობის პერიოდში, სახლებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას თბილისის განვითარების ფონდი უშუალოდ სახლის მფლობელებთან ათანხმებს, თუმცა მოლაპარაკებების ეტაპზე, შესაძლოა, გარკვეულმა შეფერხებებმაც იჩინოს თავი.

"პროექტის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია მოსახლეობის მხრიდან დადგენილებასთან შეუსაბამო ფართების საანგარიშო ფართებად ჩათვლის მოთხოვნა. მოსახლეობას, ინდივიდუალური მოლაპარაკების ფორმატში, პროექტის განმახორციელებლის მხრიდან მიეწოდება დეტალური ინფორმაცია დადგენილების პირობებისა და შესაბამისად, საანგარიშო ფართების შესახებ", - განაცხადა ქვარა ჩართოლანმა.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც შენობის აშენებაზეა პასუხისმგებელი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ცხადდება სახელმწიფო შესყიდვა როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო მომსახურებაზე ცალ-ცალკე. მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ტექნიკური დავალებით პრეტენდენტის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.