პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არც ისე შორეულ წარსულში პანდემიამ თავზარი დასცა დედამიწის მოსახლეობას. არ დარჩენილა კუთხე და კუნჭული, სადაც ვირუსს არ შეუღწევია.
2019 წლის სექტემბერში, უხანში კოვიდის პირველი შემთხვევა დადასტურდა, 2020 წლის იანვრიდან უკვე გაისმა განცხადებები იმის შესახებ, რომ მკვლელი ვირუსი მსოფლიოს მოედებოდა და პანდემია გარდაუვალი იქნებოდა. საქართველოში კოვიდი უკვ 2020 წლის მარტში გამოჩნდა.
ბუნებრივია, ყველას გახსოვთ, რა გზა გავიარეთ - აკრძალვები, შეზღუდვები, კარანტინი, კომენდანტის საათი, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, ყოველ დილით ვითვლიდით ახალ შემთხვევებს, ვირუსით გარდაცვლილებსა და გამოჯანმრთელებულ ადამიანებს.
ჯერ კიდევ შეუსწავლელი ვირუსი იძულებულს ხდიდა ექიმებს, რომ მკურნალობის გარკვეული მეთოდები შეემუშავებინათ. ყველა დამაიმედებელ ინფორმაციას გულისყურით ვეკიდებოდით და სიხარულით ვხვდებოდით.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ნაყიდ პროდუქტებს საპნიანი წყლით რეცხავდა ან და სადეზინფექციო ხსნარში ატარებდა...
ჩვენც, ჟურნალისტები უწყვეტ ნაკადად ვაწვდიდით ინფორმაციას მოსახლეობას და თითოეულ ინფიცირებულსა და მასთან კონტაქტში მყოფებსაც კი ლამის პირადად ვიცნობდით.
დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა უკვე კოვიდმა ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის სტატუსი და თვისებები შეიძინა და აღარაა საშიში საზოგადოებისთვის, თანაც - მეცნიერებმა ვირუსის ქცევა და მისი მართვაც კარგად შეისწავლეს, ბევრი რამ, რაც მაშინ ხდებოდა, უკვე სასაცილოდ გვეჩვენება.
გადავხედეთ მაშინდელ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს და ღიმილიც კი მომგვარა.
გადავწყვიტეთ, გაგახსენოთ „ის დრო“, „მწარე რომ იყო და ახლა ტბილად გვახსენდება“ და ერთგვარი ექსკურსი გავაკეთოთ არც თუ ისე შორეულ წარსულში.
2020 წლის მარტის დასაწყისში თითოეული ადამიანის ვინაობა ვიცოდით, ვისაც სიცხე ჰქონდა. „ბაკურიანიდან ინფექციურში გადმოყვანილი გოგოს ანალიზის პასუხი ცნობილია“, - წერდნენ გამოცემები და ვისაც აღნიშნული პუბლიკაცია თვალში მოხვდებოდა, ყველა ინტერესდებოდა, როგორი პასუხი ჰქონდა გოგონას.
გახსოვთ ალბათ, როდესაც გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კარანტინი გამოცხადებულიყო და ადამიანები იძულებული გავხდებოდით, სახლებში გამოვკეტილიყავით, მაღაზიებში რიგები დადგა და დაიტაცეს ფქვილი, შაქარი, ბურღულეული, ტუალეტის ქაღალდი და ათობით კილოგრამი სხვა პროდუქტი.
მთავრობა განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა, რომ პროდუქტზე დეფიციტი არ წარმოიქმნებოდა, მაგრამ ბევრმა თადარიგი მაინც დაიჭირა.
ასე გამოქვეყნდა სტატია მედიაში, სათაურით - „ადამიანებმა ტუალეტის ქაღალდი დაიტაცეს“.
„მალტაზე კორონავირუსი 12 წლის გოგოს დაუდგინდა“ - ეს იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, დამეთანხმეთ.
„სამედიცინო ნიღბით ქუჩაში სიარული აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია“ - თქვა თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში, 2020 წლის 7 მარტს. თუმცა, გახსოვთ ალბათ, რომ ცოტა მოგვიანებით, პირბადის გარეშე გარეთ გამოსვლა ჯარიმას ითვალისწინებდა.
მაშინ ცერცვაძე ამბობდა: „ინფექცია არ გადაეცემა ჰაეროვანი გზით, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებული პირის რაიმე სივრცეში მოხვედრის შემთხვევაში ის ინფექცია იმავე სივრცეში მყოფ სხვა პირებს არ გადაეცემათ. რაც შეეხება წვეთოვანი გზით გადაცემას, ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში ინფიცირების რისკი არსებობს.
„ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები სხვადასხვა საგნის ზედაპირზე ილექება, ტანსაცმელზე, მობილურზე, ყველაფერზე. საკმარისია, ჩვენ ისეთ ნივთს შევეხოთ, რომელსაც პაციენტი მოიხმარდა, ჩვენი ხელები დაინფიცირდება. შემდეგ მას მივიტანთ პირთან, თვალთან და მოხდება გადაცემა კონტაქტური გზით. კონტაქტური გზით ინფექციის გადაცემა თავიდან რომ ავიცილოთ, ამისთვის საჭიროა, ხელების ხშირი დაბანა. თუ არ არის ხელის დაბანის შესაძლებლობა, უნდა გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარები. თუ საეჭვო პაციენტია, მაშინ საჭიროა ხშირი განიავება და სველი წესით დასუფთავება. ყველაზე დიდ ინტერესს ეს იწვევს. ნიღბები გამოვიყენოთ თუ არა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა. ნიღაბი აუცილებლად უნდა გაიკეთოს პაციენტმა. ასეთ შემთხვევაში ნიღაბი ეფექტიანია და ხელს უშლის, პაციენტმა ვირუსული ნაწილაკები გამოაფრქვიოს. რაც შეეხება, უნდა გაიკეთოს თუ არა სხვა პირმა, რომელიც კონტაქტშია პაციენტთან, ძირითადად სამედიცინო პერსონალმა, თუ ის უვლის პაციენტს, მკურნალობს ან ცხოვრობს მასთან ერთად ოთახში, ან მასთან ერთად ტრანსპორტით მგზავრობს, ასეთ შემთხვევაში უნდა გაიკეთოს. სრულიად გაუმართლებელია, როდესაც ხალხი ქუჩაში დადის და ნიღაბი უკეთია“. - ამბობდა ის.
როგორც გჩვევიათ ხოლმე, გიყვართ ქართული მედიის გაკრიტიკება და ახლა იმასაც იტყვით, რომ სხვა საქმე არ გქონდათ ჟურნალისტებსო.
„ფეისბუკი“ ადასტურებს, რომ აშშ-ის ქალაქ სიეტლში, მათი ოფისის თანამშრომელი კორონავირუსით არის დაინფიცირებული“. - ამის შესახებ BBC - წერდა.
„ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 7 წლის ბავშვი მოათავსეს“ - წერდა მედია და საქართველოს მოსახლეობა გულშემატკივრობდა ყველა სიცხიან ბავშვს.
პანდემიით ხელიც კი მოითბო ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა. მაგალითად, „ტაილანდში გამოყენებულ სამედიცინო ნიღბებს რეცხავდნენ, აუთოვებდნენ და შემდეგ ყიდიან“ - წერდა უცხოური პრესა.
პანდემიის გამო ირანის ციხეებში Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დროებით 54 ათასი პატიმარიც კი გაათავისუფლეს. სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, პატიმრები მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მათ ანალიზებმა Covid-19-ით ინფიცირება არ დაუდგინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ის მსჯავრდადებულები გამოუშვეს, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი.
რაღა თქმა უნდა კურიოზების გარეშე არც პანდემია ჩაივლიდა: მაგალითად, იტალუირი პრესა წერდა: „კორონავირუსით დაინფიცირებული 71 წლის კაცი საავადმყოფოდან გაიქცა. მამაკაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ აღმოუჩინეს. ის ინფექციურ დაავადებათა იზოლატორში მოათავსეს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა იუწყებოდა, მამაკაცი კარგად გრძნობდა თავს. ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.
მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციას შეატყობინა. კარაბინიერებმა მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. ამასთან, მამაკაცი თავის საქციელს იმით ხნის, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა.
პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად. ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია“.
ამ ამბავმა ალბათ ყველას ჩვენი ირანელი სტუმარი გაგახსენათ, რომელიც ინფექციური კლინიკიდან გამოიპარა და ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებს, რა დროსაც მედპერსონალი გარეთ გამოვიდა და პაციენტი ისევ უკან შეაბრუნეს. - “ვერ არის ეს კარგად, ვერა“ - მედდის ეს ნათქვამი მფრინავ ფრაზადაც კი იქცა.
საქართველოში მომხდარ ინციდენტს Mail-იც გამოეხმაურა: ,,გასაოცარი მომენტი, როდესაც მედპერსონალმა უკან გააბრუნა კორონავირუსის პაციენტი, რომელიც ინტერვიუს იძლეოდა“. - წერდა გამოცემა.
ისიც გავიხსენოთ, ინდოეთში იმ ადამიანებს, ვინც კარანტინს არ ემორჩილებოდა, ჯოხებით სცემდნენ.
„კორონავირუსი შესაძლოა სეზონურ ინფექციად იქცეს“ - წერდა მედია ჯერ კიდევ 2020 წლის 3 მარტს და ალბათ ეს ერთადერთი „წინასწარმეტყველება“ იყო, რომელიც გამართლდა.
„ეძებენ პირებს, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდათ შეხება“ - ამბობდა ამირან გამყრელიძე და ექიმებთან ერთად კლასტერებად ვალაგებდით საზოგადოებას, - ბათუმის კლასტერი, მარნეულის კლასტერი, ღვანკითის კლასტერი...
გაზაფხულზე ლამის „კიტრების რევოლუციაც“ კი გამოგვივიდა, როცა მარნეულელ ფერმერებს მოსავალი გასაყიდად ვერ გამოჰქონდათ სხვა რეგიონებში და ამას მასობრივი პროტესტიც კი მოჰყვა.
„ირანში მასობრივ სამარხებს აკეთებენ - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები“ - წერდა მედია და დაზაფრულები ვათვალიერებდით ფოტოებს. ამ დროს კი „აშშ-ში კორონავირუსი დაუდგინდა მღვდელს, რომელმაც ასობით ადამიანს ხელი ჩამოართვა“.
„ჩინეთის წამყვანი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ COVID-19 მსოფლიო მასშტაბით მინიმუმ ივნისამდე გაგრძელდება“. ამის შესახებ უცხოური მედია აპრილში წერდა, თუმცა, კოვიდი 2021 და 2022 წელსაც გრძელდება და ჩინელმა მეცნიერებმა ზუსტი თარი რაღა თქმა უნდა, ვერ დაასახელეს.
დღეს პანიკა უკვე აღარ არსებობს და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ისიც კი თქვა, რომ პანდემია შეგვიძლია, დასრულებულად გამოვაცხადოთო. ის კი, რაც 2 წლის განმავლობაში ჩვენს თავს ხდებოდა, ალბათ მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება და ზოგი ხალისით გავიხსენებთ და ზოგიც - დიდი ტკივილით, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდაცვალების გამო.
თემის განვრცობა რაღა თქმა უნდა, გაცილებით მეტადაა შესაძლებელი, მაგრამ „პრაიმტაიმი“ თქვენ გიტოვებთ შანსს და შეგიძლიათ, კომენტარებში გაიხსენოთ თქვენი კურიოზები და ისიც, თქვენ როგორ გახსოვთ პანდემიის პერიოდი.