Exclusive ვინ შეიძინა ლედი გაგას ნაცვამი ინგოროყვას შავი კაბა?

13:05 06-12-2019
1440

თებერვლის დასაწყისში დიზაინერი თამუნა ინგოროყვა სოციალურ ქსელში ლედი გაგას ფოტოს აქვეყნებდა. ვარსკვლავს ქართველი დიზაინერის შავი კაბა ეცვა. ფოტოგრაფს ის რესტორნის წინ ჰყავდა გამოჭერილი. როგორც მაშინ „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, არტისტს თამუნა ინგოროყვასგან კაბა, რომელიც 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდანაა, უთხოვებია. ლედი გაგას პიარსამსახური ქართველ დიზაინერს დაუკავშირდა და კაბის გაგზავნა ითხოვა. 

„ინტერნეტით გვადევნებენ თვალყურს და უნდა აღვნიშნო, რომ ეს უკვე ჩემი მესამე კაბაა, რომელიც გაგას აცვია“ – „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად განუცხადა დიზაინერმა.

ამჯერად, სიახლე ის არის, რომ ეს „ნათხოვარი“ კაბა გაგამ უკვე დააბრუნა. და თუ რა ბედი ეწია მას, თამუნა ინგოროყვა თავად გვიამბობს.

თამუნა ინგოროყვა: - ლონდონში არსებობს პიროვნება, რომელიც ლედი გაგას ნაცვამ სამოსს აგროვებს, კოლექციონერია და მან ჩემი სახლისგან შეიძინა ეს შავი კაბა.

- ვინ არის ეს ადამიანი?

- არ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება, კონფიდენციალურია. 

- და კაბაში რა გადაიხადა?

- განსაკუთრებული თანხა არა, რაც ზოგადად ღირს, ისე მივყიდე მასაც. 

„ყველას არ ვაძლევთ სამოსს“

წინა ორი კაბა კი, რომელიც გაგას სხვადასხვა დროს ეცვა, ტყავის იყო, ერთი თეთრი, მეორე - ლურჯი. „დაბრუნებული“ და უკვე გაყიდული შავი კაბა კი ორმაგი ნაქსოვი ჟორსეა. 

„ძირითადად, სელებრითების პიარსამსახური და სტილისტები მსოფლიოს მასშტაბით უკავშირდებიან დიზაინერებს, მიაქვთ უზომო რაოდენობის კაბები და პროდუქცია. სასურველ სამოსს ვარსკვლავები თვითონ არჩევენ და იცვამენ, მერე ისევ უკან აბრუნებენ. ეს პიარის ერთგვარი ნაწილია, რომელიც მთელი ექვსი თვის მანძილზე მუშაობს დიზაინერის პიარზე. ლედი გაგა ჩემთვის ძალიან საინტერესო დიდი არტისტია. ეს ფაქტი ჩვენი პიარისთვის ძალიან კარგია. ჩემი სახლი მკაცრად იცავს ტანსაცმლის გაცემის საკითხს. ყველას არ ვაძლევთ სამოსს. კოლექცია დამთავრებული არ არის, მისი წარმომაგენელი რომ მეხმიანება. ჩვენი კრეტიული დირექტორი, ქეთევან გვარამაძე ნიუ იორკში ცხოვრობს და ამის ორგანიზებას ის აკეთებს” – „პრაიმტაიმს“ განუცხადა თამუნა ინგოროყვამ. 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე