დღეიდან უქმეები დაიწყო - ვის შეეხება დასვენება

უქმე დღეები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. 

გაწეული მომსახურებისთვის კი, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება/გაზრდა არ მოხდება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში (3-6 და 9 მაისს) საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური გაორმაგდება/გაიზრდება.

გარდა ამისა, 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

უქმე დღეებში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს სებ-ის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები.

ეროვნული ბანკის გამარტებით, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

უქმე დღეებთან დაკავშირებით შესაბამისი მომსახურების მიღება არ იქნება შესაძლებელი საპენსიო სააგენტოშიც. იმუშავებს მხოლოდ ცხელი ხაზი.

დასვენების დღეები შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოებსაც.

შსს-ს განმარტებით, იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 11 მაისიდან მიეცემათ.

ხოლო იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე აღნიშნულ პერიოდში აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, 11 მაისიდან, კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ.

რაც შეეხება პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 მაისი.