რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება.
„სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.
კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.
ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:
– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;
– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;
– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;
– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.
იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.
ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:
− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);
− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.
− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.