"ახალ თეატრთან" მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია
1737655112
ახალმა კვლევამ ხელოვნური ინტელექტის ხშირი გამოყენება კრიტიკული აზროვნების შესუსტებასთან დააკავშირა. ეს საინტერესოა იმის ფონზე, რომ თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოება ChatGPT-ის მსგავს გენერაციულ სისტემებს საკმაოდ აქტიურად იყენებს.
ასეთი ენობრივი მოდელები ჩვენ მაგივრად არაერთი მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას გვთავაზობს, მათ შორის ტექსტების შექმნასა და კითხვებზე პასუხის გაცემას. სხვა ძირითადი ტექნოლოგიური მიღწევების მსგავსად, როგორიც ტელევიზია და ინტერნეტია, მკვლევრები დაინტერესებულნი არიან იმის შესწავლით, თუ როგორ მოქმედებს ეს ხელსაწყოები მომხმარებლებზე.
ერთ-ერთი ასპექტი "კოგნიტიური გადატვირთვაა", რომელიც შვეიცარიელმა მაიკლ გერლიხმა გუნდთან ერთად შეისწავლა. მისი თქმით, ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ადამიანი შემეცნებითი ამოცანების შესრულებისას გარე ხელსაწყოებს ეყრდნობა. ეს ამცირებს საჭიროებას, რომ კრიტიკული აზროვნება მოვიშველიოთ, ანუ ინფორმაციის გაანალიზებაში გონებრივად ვიყოთ ჩართულნი.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ინტერნეტს უფრო ეყრდნობიან იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ფაქტები თავად დაიმახსოვრონ. აქედან გამომდინარე, იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ადამიანები შეიძლება AI-ზე გახდნენ დამოკიდებულნი ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორიც სასკოლო დავალებაა. ეს კრიტიკულ აზროვნებას პოტენციურად ამცირებს, თუმცა ამ ზემოქმედების უტყუარი მტკიცებულება არ მოგვეპოვება.
გერლიხის კვლევაში სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე 666-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც სიღრმისეულ გამოკითხვებს მოიცავდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ტექნოლოგიებს უკეთ იცნობენ, AI ინსტრუმენტებს ყველაზე მეტად იყენებდნენ. ხანდაზმული მონაწილეები (46+) ასეთ სისტემებს ნაკლებად მოიხმარდნენ და კრიტიკულ აზროვნებაში უფრო მაღალი შეფასება ჰქონდათ.
ასევე, განათლების შედარებით მაღალი ხარისხის მქონე პირებში კრიტიკული აზროვნების უფრო ძლიერი უნარი დაფიქსირდა, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა. ეს დასკვნები AI-ის ხშირი მოხმარების პოტენციურ კოგნიტიურ "საზღაურზე" მიუთითებს და კრიტიკულ აზროვნებაზე კონცენტრირებული საგანმანათლებლო სტრატეგიების მნიშვნელობას ცხადყოფს.
"ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ შემეცნებითი გადატვირთვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და კრიტიკულ აზროვნების ურთიერთკავშირში მთავარ როლს ასრულებს. შემცირებულმა კოგნიტიურმა დატვირთვამ შესაძლოა, კრიტიკული ანალიზისა და გონებრივი ჩართულობის შესაძლებლობები შეზღუდოს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Societies გამოქვეყნდა, რომელიც პორტალმა on.ge-მ თარგმნა.