თითო ღერი სიგარეტი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, სავარაუდოდ, 20 წუთით ამცირებს - კვლევა

კვლევა

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ერთი ღერი სიგარეტი სიცოცხლეს 20 წუთით ამცირებს.

მეცნიერების თქმით, ერთი ღერი სიგარეტი მამაკაცებში სიცოცხლეს 17 წუთით ამცირებს, ქალებში კი - 22 წუთით.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სიგარეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდნენ, სიცოცხლის დაახლოებით ათი წელი დაკარგეს იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც სიგარეტი არასდროს მოუწევიათ.

დამატებითმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა აჩვენა, რომ რაც უფრო დიდ ხანს ეწევა ადამიანი სიგარეტს, მით უფრო ძლიერ იცვლება მისი იმუნური სისტემა, რაც ზრდის სიმსივნის, ინფექციური და აუტოიმუნური დაავადებების გაჩენის რისკს. როდესაც მწეველი მოწევას თავს ანებებს, ორგანიზმის იმუნური პასუხი უკეთესი ხდება, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მთლიანად აღდგენას ვერ ახერხებს.

„კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ იმუნიტეტი მართლაც იწყებს აღდგენას. არ არსებობს კარგი დრო მოწევის დაწყებისთვის, თუმცა თუ თქვენ ეწევით, ახლა საუკეთესო დროა დაანებოთ თავი მოწევას“, - განაცხადა ექიმმა და კვლევის თანაავტორმა დარაგ დაფიმ.