ვრცელდება პატრიარქის ახალი მიმართვა

ილია მეორე

"ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების 47 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ ეპარქიები გაიხსნა, რადგან იქ ქართველები ცხოვრობენ. პატრიარქის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გაგრძელდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებას. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.