პარაზიტი, რომელიც გონებაზე მოქმედებს - რა შემთხვევაში ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში

პარაზიტი, რომელიც გონებაზე მოქმედებს

არსებობს პარაზიტი, რომელსაც ცხოველების ქცევაზე გავლენის მოხდენა შეუძლია და მეცნიერები ადამიანებთან მის შესაძლო კავშირსაც იკვლევენ. საუბარია Toxoplasma gondii-ზე, რომელიც ტოქსოპლაზმოზს იწვევს.

კვლევების თანახმად, ინფიცირებულ ცხოველებში შესაძლოა ქცევითი ცვლილებები გამოვლინდეს, ხოლო ადამიანებში პარაზიტის გავლენა მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. 

როგორ მოქმედებს პარაზიტი ცხოველებზე?

სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კენიაში, მასაი-მარას ეროვნულ ნაკრძალში დაკვირვებისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტოქსოპლაზმით ინფიცირებული აფთრის ლეკვები ლომებს უფრო ახლოს ეკარებოდნენ, ვიდრე ჯანმრთელი ინდივიდები. ეს მათთვის საფრთხეს ზრდიდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პარაზიტს მასპინძლის ქცევაზე ზემოქმედება შეუძლია, რაც მის სასიცოცხლო ციკლთან არის დაკავშირებული. კატები ამ პარაზიტის საბოლოო მასპინძლები არიან, ხოლო სხვა ცხოველები შეიძლება შუალედური მასპინძლები გახდნენ. 

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში?

ტოქსოპლაზმა ადამიანშიც გვხვდება. ინფიცირებულთა უმრავლესობას სიმპტომები საერთოდ არ აქვს ან მსუბუქი, გრიპისმაგვარი ნიშნები უვლინდება. თუმცა, ტოქსოპლაზმოზი განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის დროს, რადგან ინფექციამ შესაძლოა ნაყოფის განვითარებაზე იმოქმედოს.

ზოგიერთ კვლევაში ტოქსოპლაზმურ ინფექციასა და ადამიანის ქცევით თავისებურებებს შორის შესაძლო კავშირიც შეისწავლეს.

არსებობს ცნობები, რომ ამ პარაზიტის გავლენით ინფიცირებული ადამიანები უფრო უშიშრები და გაბედულები ხდებიან, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზიც კი ხდება. მეორე მხრივ, ამ “წამახალისებელ“ ეფექტს ზოგჯერ დადებითი შედეგებიც მოაქვს.

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ პარაზიტი ადამიანის გონებას პირდაპირ აკონტროლებს. ასეთი მტკიცება მეცნიერულად დადასტურებული არ არის. 

როგორ დავიცვათ თავი?

ინფექციის რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ხორცის სათანადოდ მომზადება, ხილ-ბოსტნეულის კარგად გარეცხვა და ხელების დაბანა.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ორსულებს, მათ შორის კატის ტუალეტის გაწმენდისას სასურველია, ეს საქმე სხვამ შეასრულოს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენონ ხელთათმანები და დაიცვან ჰიგიენა.

ტოქსოპლაზმოზის შესახებ ეჭვის ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სწორი ნაბიჯია ექიმთან კონსულტაცია და არა თვითდიაგნოსტიკა.

✕