მეცნიერებმა უარყვეს მოსაზრება, რომ საკვების მიღების დრო მნიშვნელოვანია წონის კორექციისას

კვება

დიეტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სახეობას -  ე.წ. ინტერვალურ შიმშილს  ბოლო პერიოდია უამრავი ადამიანი მიმართავს.

ე.წ. ინტერვალური შიმშილის დროს - კვება ხდება პერიოდულად, საათების მიხედვით. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული მეთოდია -16/8, რაც ნიშნავს იმას, რომ  16 საათის განმავლობაში საკვების მიღებაზე უარი უნდა თქვათ, ხოლო 8 საათის განმავლობაში მიიღოთ თქვენთვის სასურველი საკვები. 

საათობრივ კვებას მიმართავენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი, სკარლეტ იოჰანსონი, კორტნი კარდაშიანი და ჟიზელ ბუნდჰენი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.


წლების განმავლობაში ექსპერტები გამუდმებით ამტკიცებდნენ,  რომ საკვების მიღების დრო ზედმეტი კილოგრამების დაკლების პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი და ეფექტური ფაქტორი იყო. 
 
თუმცა, ყველაფერი შეცვალა რამდენიმე დღის წინ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ გამოქვეყნებულმა უახლესი, 6 წლიანი კვლევის შედეგებმა.  სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა უარყვეს გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკვების მიღების დრო გავლენას ახდენს წონის კლებაზე. 
 
 
რა ხდებოდა კვლევის განმავლობაში კვლევა 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. კვლევაში მონაწილეობას მერილენდისა და პენსილვანიის შტატებში მცხოვრები  550-მდე, განსხვავებული წონის ადამიანი იღებდა. იმისთვის, რომ მათ უკეთ დაკვირვებოდნენ,  ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  ელექტრონული აპლიკაცია შექმნეს. კვლევაში მონაწილე თითოეული ადამიანი ვალდებული იყო ყოველდღიურად სპეციალური ანკეტა შეევსო და მიეთითებინა ისეთი მონაცემები, როგორებიც არის - გაღვიძების, დაძინების საათი. ასევე,  საუზმის, სადილისა და  ვახშმის დროებს შორის ინტერვალი და მათი ხანგრძლივობა.  აღნიშნული ექსპერიმენტის მიზანი იმის გამოვლენა იყო, ეხმარებოდა თუ არა კვლევაში მონაწილე ადამიანებს საათობრივი კვება წონის კლებაში.  6 წლიანი დაკვრივების შემდეგ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ე.წ. ინტერვალური შიმშილი წონის კორექციაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენდა. როგორც კვლევის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ვენდი ბენეტმა განაცხადა, წონის კორექციიას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს - ულუფის მოცულობა.  მისივე თქმით,  ის ადამიანები, რომლებიც საკვებს  გამუდმებით პატარა ულუფებით (500 კალორიაზე ნაკლები) მიირთმევენ,  დროთა განმავლობაში წონაში საგრძნობლად იკლებენ. ხოლო ისინი, ვინც საკვებს საშუალო (500-1000 კალორიამდე) და მოზრდილი ულუფებით (1000 კალორიაზე მეტი) მიირთმევენ, პირიქით, იმატებენ.