ვინ არის გიორგი (გაგლო) გაგლოშვილი, რომელიც ანიმაციაში ისტორიებს აცოცხლებს

gaglo

მხატვარი, ანიმატორი, დიზაინერი და ილუსტრატორი ახალგაზრდა თბილისიდან, რომელიც ანიმაციაში ისტორიებს აცოცხლებს გიორგი (გაგლო) გაგლოშვილია.

ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და ინტერნეტის დახმარებით დამოუკიდებლად ისწავლა ანიმაციების შექმნა. მან შეძლო და გააერთიანა კლასიკური და თანამედროვე ხელოვნება, რომელმაც შესანიშნავი სინთეზი შექმნა. შექმნილი პროდუქტი კი ერთნაირად საინტერესოა ყველა თაობისთვის. 

 

ფრაგმენტი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“

მას არ ეგონა, რომ ანიმაციის და პოეზიის დამეგობრება ასეთ პოპულარობას მოუტანდა, როგორც ამბობს ყველაფერი შემთხვევით მოხდა და წინასწარი გათვლები არ ჰქონია. საზოგადოების მხრიდან კი დადებითი გამოხმაურება მოყვა, რამაც მისცა მოტივაცია, რომ ეს ყველაფერი გაეგრძელებინა.

„მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელიც დაიწყო უბრალოდ პოსტერის დახატვის იდეით. ანუ იქნებოდა ჩვეულებრივი პოსტერი, რომელზეც გამოსახულნი იქნებოდნენ შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი.

ხატვის პროცესში დამებადა იდეა, რომ პროექტი სერიად გამეკეთებინა და ნაწილ-ნაწილ დამედო, მათ ილუსტრაციასთან ერთად დამეწერა მათივე ნაწარმოებები“ - ამბობს გიორგი.

 

ანიმაციად ქცეული  ვაჟას „დაგვიანებული პასუხი აკაკის"

 

მანვე ანიმაციად აქცია ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი”, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

გიორგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ჟანრით, ის მაყურებელს ანიმაციების სხვადასხვა ჟანრს სთავაზობს, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. მისი ვიდეოების ნახვა როგორც Facebook-ზე ასევე Youtube-ზე  შეგიძლიათ.