„ვაღიარებ, რომ ბადრი მიყვარდა, მან კი უარი მითხრა“ - ნონა ვაშაყმაძე

ნონა ვაშაყმაძე

„ბადრი გუჯეჯიანი“ „გიგას მაღაზია“ ...  - ალბათ მიხვდით ვისაც ვგულისხმობთ. დიახ, ეს ქუთაისელი ტიკტოკერი, ნონა ვაშაყმაძეა. 

ტიკტოკზე ნონას ვიდეოები  ერთხელ ჩამოსქროლვის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია არ შეგხვდეთ. 26 წლის ახალგაზრდა განსაკუთრებით პოპულარული მაშინ გახდა, როცა უპასუხო სიყვარულმა გული გაუტეხა, ოჯახში პრობლემები შეექმნა, პლატფორმაზეც თანამოაზრეები ვერ ნახა და მხარდაჭერა ვერავისგან მიიღო.

ქუთაისელი გოგონა სხვა ტიკტოკერების მსგავსად პლატფორმის ხშირი მომხმარებელი პანდემიის დროს გახდა. ამჯერად, მის ერთ ანგარიშს 37 000 გამომწერი ჰყავს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ვინ არის და რას საქმიანობს ახალგაზრდა, რომელსაც ნეგატიურ კომენტარებზე რეაქცია უკვე აღარც აქვს და თავისებური, იმერული იუმორით გზას იკვალავს.

ნონა ვაშაყმაძე: აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ასევე კოლეჯი „იბერია“. პროფესიით დიზაინერი ვარ. ერთი პერიოდი ფაბრიკაშიც ვმუშაობდი. ახლა, დროებით არ ვარ დასაქმებული.

2019 წელს თბილისში, ჩემს ნათესავთან ვიყავი და ტიკტოკი მან გადმომიწერა. თავიდან არ ვაქტიურობდი, შემდეგ პანდემია დაიწყო და საქმე არ მქონდა. გადავწყვიტე, ვიდეოები ჩამეწერა, რატომღაც, ხალხმაც აიტაცა. მეც მომეწონა და გავაგრძელე. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ვუყვარვარ და არ მინდა, იმედი გავუცრუო.

- რომელია პირველი ვიდეო, რომელიც „გავარდა“ და შენს შესახებ ბევრმა შეიტყო?

- პირველი ვიდეო, რომელზედაც გამოხმაურება წამოვიდა, ნინი კვირიკეს [ინფლუენსერი] ხმაზე იყო ჩაწერილი. შემდეგ თავად ნახა და Youtube-ზე დადო. ჩემი პოპულარობა ნინი კვირიკეს დამსახურებაა. 

- მე სხვა ინფორმაცია მქონდა. მგონი, ეს ბადრი გუჯეჯიანის დამსახურებაა... ტიკტოკში დღემდე გახსენებენ მის სახელსა და გვარს...

- ბადრი ჩემი სიძის, ანუ დის ქმრის ბიძაშვილია. ჩემი ბრალიცაა, ნაწილობრივ. თავიდან ინტერნეტში რომ გამოვაქვეყნე ვიდეო, ვიხუმრე, რომ ქმარი იყო. შემდეგ დაიწყო განხილვები, რაზედაც მე და ბადრიმ რამდენჯერმე ვიჩხუბეთ. არ მეგონა მაყურებლები ასე თუ აიტაცებდნენ, დღემდე ჩემი შეყვარებული ჰგონიათ. მე და ბადრის დედაც ვიყავით დაპირისპირებულები, ჩემი და, სიძე, მამაჩემი, დედაჩემი ყველა ჩაერია. სახლში პრობლემები შემექმნა, ექიმთანაც დავდიოდი, ფსიქოლოგიურად ცუდად ვგრძნობდი თავს. ვაღიარებ, რომ ბადრი მიყვარდა, მან კი უარი მითხრა. ფიქრობდა, რომ ნათესავები ვიყავით.

ბადრი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩვენი შეხვედრის  ადგილი ძირითადად, ზუგდიდია.

- ოჯახს როგორი რეაქცია აქვს შენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

- მამაჩემი შეეგუა, მაგრამ დედას არ მოსწონს. მეუბნება ხოლმე, ხალხს თავს ნუ დააცინებინებო. ზოგი დამცინებს, ზოგი კარგს დამიწერს, ან ცუდს, მაგრამ ნეგატიურ კომენტარებს დედაჩემი ძალიან განიცდის. ყურადღების ეპიცენტრში რომ ვარ, არ მოსწონს.

- როგორი რეაქცია გაქვს ნეგატივზე, ცუდ კომენტარებზე?

- თავიდან გული მომდიოდა, რამდენიმეს ვუპასუხე კიდეც. მერე მივხვდი, რომ თუ პოპულარობას გადაწყვეტ, ამას ბულინგიც მოჰყვება და შევეგუე ამ ფაქტს. ძირითადად, გართულება ჩემს წონაზე აქვთ. მე წონა არ მაწუხებს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. „უი, რას ჰგავხარ“, „რამხელა ხარ“, „არ გასკდე“ - ასეთ რაღაცებს მიწერენ. 

ბიჭებიც მწერენ, გაცნობის მიზნით, მაგრამ შეტყობინებებს ყურადღებას არ ვაქცევ. იშვიათად, რომ გავხსნა. სიმართლე გითხრათ, ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი არ მაქვს. ჩემი გული ახლა თავისუფალია, არავისზე ვფიქრობ.

სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც უნდათ ზიანი მომაყენონ, შეურაცხყოფა, დამამცირონ, მაგრამ ასეთ ადამიანებს თავს არ ვუყადრებ. არიან ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ და არიან ისეთებიც, რომლებსაც ვძულვარ. მაგრამ მათ გამო, ვისაც ვძულვარ, ჩემს  საქმიანობას არ შევწყვეტ. კომენტარებზეც არ ვპასუხობ.