უსახლკარო კაცმა ძვირად ღირებული ბეჭედი პატრონს დაუბრუნა და სანაცვლოდ 190 000 დოლარი მიიღო

აშშ

უსახლკარო კაცმა ძვირად ღირებული ბეჭედი პატრონს დაუბრუნა და სანაცვლოდ 190 000$ მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

1 წლის წინ აშშ-ში მცხოვრები 55 წლის ბილი რეი ჰარისი უსახლკაროდ დარჩა. ქუჩაში ცხოვრების გარდა მას სხვა გზა არ დარჩა და დახმარებას გამვლელებისგან ითხოვდა. ერთ დღესაც მან შენიშნა, რომ შემწეობის ყუთში, მონეტასთან ერთად, გამვლელს ბეჭედი ჩაუვარდა, თუმცა თავად ვერც კი შენიშნა.

როგორც ჰარისი ინტერვიუში თავადვე ჰყვება, თავიდანვე მიხვდა, რომ საქმე ძვირად ღირებულ სამკაულთან ჰქონდა. აღიარა, რომ გაყიდვის მიზნით თავდაპირველად შესაფასებლადაც კი მიიტანა, მაგრამ როდესაც მინიმალურ საფასურად $4 000 დაუსახელეს, გადაწყვიტა, რეალური მფლობელი მოენახა და კვლავ მისთვის დაებრუნებინა.

ჰარისმა მომხდარის შესახებ მეორე დღესვე პოლიციაში განაცხადა. ქუჩაში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების დახმარებით სამართალდამცველებმა მარტივად მოახერხეს ვინაობის დადგენა. მფლობელმა, მადლობის ნიშნად, გადაწყვიტა, ეს ამბავი საჯაროდ მოეყოლა და ჰარისისთვის დონაციის შეგროვება დაიწყო. ბეჭედი ნიშნობის აღმოჩნდა. თვეზე ნაკლებ დროში მას $190 000 შეუგროვდა. საბედნიეროდ კი, ბილი უსახლკარო აღარაა და ამ თანხით ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს.