სასამართლო მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს - პროკურატურა მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს

უკვე ერთი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლო "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის საქმეზე მსჯელობს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ამაღლობელი 2 დღის წინ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წაუყენა.

პროკურატურა მზია ამაღლობელისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, რაც პატიმრობას გულისხმობს. სახელმწიფო ბრალდებამ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას შეიძლება მოჰყვეს. პროკურორების განცხადებით, არსებობს მიმალვის, განმეორებითი დანაშაულის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.

დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება. ისინი ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას და მის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ. ადვოკატებმა გირაოს ოდენობად 100 000 ლარი დაასახელეს.