სიღატაკეში გაზრდილი კონკია, რომელიც ახლა მილიარდერის ცოლია - ასეთი ამბები რეალურ ცხოვრებაშიც ხდება

ნატალია ვოდიანოვა

ნატალია ვოდიანოვა მოდის სამყაროში რუსი კონკიას სახელით არის ცნობილი. გოგონა, რომელიც რუსეთის პროვინციაში, უღარიბეს ოჯახში დაიბადა, ქართველი სკაუტის - გია ჯიქიძის წყალობით მოდის სამყაროში აღმოჩნდა.

აქედან კი დაიწყო მისი წარმატებული სვლა პოდიუმებზე, ცნობილ ქველმოქმედად ქცევა და ორი გახმაურებული ქორწინება. მისი პირველი ქმარი ინგლისელი არისტოკრატი და საკმაოდ მდიდარი პიროვნება, ჯასტინ ტრევორ ბერკლი პორტმანი იყო, ცნობილი მილიარდერის უმცროსი ძმა.

მათთან ვოდიანოვას რამდენიმე წელი და სამი შვილი აკავშირებს. მერე კი ფრანგ მილიარდერს, მულტიმილიარდერ ბერნად არნოს ვაჟს ანტუანს შეხვდა და დღესაც მის გვერდით ცხოვრობს. 

ანტუანთან ნატალიას ორი შვილი შეეძინა. ახლა კი გაირკვა, რომ კვლავ ფეხმძიმედაა და ზამთარში ამ ქვეყანას მისი მეექვსე შვილი მოევლინება.

- სიღარიბე გაიძულებს, თავი დამცირებულად იგრძნო. გგონია, რომ რაღაც ისე არ გაქვს, განსაკუთრებით, ბავშვობაში. ხედავ სხვა ბავშვებს, ბედნიერებს და გგონია, რომ ეს ძალიან მაგარია. ოცნებობ, იყო ვიღაც სხვა... ალბათ ამ განცდების გამოც გავხდი მოდელი და ადვილად მოვირგე სხვების სამოსი და როლები, - ასე იხსენებს ნატალია ღარიბულ წარსულს, - სკოლაში, ნიჟნი ნოვგოროდში, კლასელი ბიჭები ვერ მიტანდნენ.

დამცინოდნენ ჩემი დაიკოს ავადმყოფობის გამო (ნატალიას უმცროს დას ცერებრალური დამბლა და აუტიზმი აქვს - რედ.) და ბინძურს მეძახდნენ.

 

...ჩემმა დამ მასწავლა სიყვარული და მოთმინება. ბავშვობაში მისთვის მხიარულება ნიშნავდა ყველაფრის აქეთ-იქით მოფანტვას, ყუთების არევას და უწესრიგობას. იჯდა ნაგვის თავზე და იცინოდა. ხანდახან, საჭმელებსაც ისროდა აქეთ-იქით და ოჯახისთვის, რომელსაც საკვები სულ აკლდა, ეს კატასტროფა იყო... მაგრამ მოთმინებას ვსწავლობდით, ვუგებდით - ის ხომ არ არის ისეთი, როგორიც ყველა.

****

...ამბობენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ ეს მხოლოდ მდიდრებმა იციან. როცა ღარიბი ხარ, არ გაქვს დრო მომავალზე საფიქრალად და მთავარია, იპოვო რაღაც, რომ შეჭამო.


როცა მდიდარი ხარ, გამუდმებით ფიქრობ მომავალზე, თუმცა მიზანზე რომ იყო ორიენტირებული, ძნელია, ბევრი საცდურია, დუნდები. მე ღარიბიც ვიყავი და მდიდარიც და ნამდვილად შემიძლაი ვთქვა, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი.


მე მივხვდი, რომ ბედნიერების განცდისთვის, სხვის ბედნიერებასაც უნდა შეუწყო ხელი. ამიტომ ვცდილობ, ქველმოქმედებაში ვიყო სულ ჩართული და ბევრ სხვა ადამიანს დავეხმარო უკეთ ყოფნაში.

...ჩემს ქმრებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა იგივეა, რაც ინგლისსა და საფრანგეთს შორის სხვაობა - მმართველობის ფორმა ხომ სხვადასხვაა იქ, მონარქია და რესპუბლიკა. ჩემი პირველი ქმარი, ლორდი ჯასტინ პორტმანი არ მუშაობდა, მაგრამ მოსიარულე ენციკლოპედია იყო და ძალიან შემოქმედი ადამიანი, უზარმაზარი თავისუფალი დროით.ჩემი მეორე ქმარი, ანტუან არნო ბეჯითი და მშრომელია. პირველ ქორწინებაში პლუსი ის იყო, რომ ქმარს გაცილებით მეტი დრო ჰქონდა არდადეგებისა და უქმეებისთვის.