1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბესიკ კალანდაძე 66 წლისაა, მაგრამ როგორც ამბობს, შინაგანად ბევრად უმცროსია. თავს უვლის, არ ეწევა, არ სვამს და ... არც ნერვიულობს. ხუმრობა იქით იყოს და ბევრ მამაკაცს იცნობთ, დილას ხილის ჩირიანი შვრიის ფაფით იწყებდეს? ღორის ხორცს არ ჭამდეს, არც - შებოლილ სკუმბრიას? ჰოდა, ასე ჯანსაღად და ჯანმრთელობის დაზოგვით მიდის 70 წლამდე, რომ მერე გემრიელად "გაზაფხულივით მოგვეპაროს"...
მომღერალი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თავის ჯანმრთელობაზე ჰყვება და ამჟამინდელ განწყობას გვიზიარებს.
ბესიკ კალანდაძე: გულს ისევ სურს ძველებურად ვითამაშო ფეხბურთი, წყალბურთი. მაგრამ სხეული ძველებურად აღარ მომყვება. კოვიდმა სახსრების ანთებითი პროცესები გამოიწვია. ექიმები ამბობენ, კოვიდს ართრიტები - სახსრების ანთება ახასიათებსო. ზაფხულში ორი თვე ღამეები არ მეძინა. მანამდე, ასაკის მიუხედავად, ასეთი პრობლემა არასდროს მქონია.
წამლების მიღება არ მიყვარს. არ მჭირდება. არ ვსვამ ზედმეტად არანაირ მედიკამენტს.
ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. ეს ჩვენს სახლში ნომერ პირველი თემაა. შეიძლება ტანსაცმელზე გააკეთო ეკონომია, მაგრამ კვების პროდუქტებზე - არ შეიძლება.
დილით ქლიავის ჩირით შვრიის ფაფა გეახელით, ცოტა თაფლი მოვასხი. შაქარს არ ვყრი. სადილად ბოსტნეულის წვნიანს ვჭამ. საღამოს რძის პროდუქტები, ხაჭო, მაწონი. ვიღებ ხილს. თუ მაინცდამაინც გვიან შემაწუხა შიმშილმა, სულგუნის პატარა ნაჭერს ჩამოვიჭრი. არ ვჭამ გვიან.
ღორის ხორცს საერთოდ არ ვჭამ. მაქსიმალურად ვერიდები შებოლილ პროდუქტებს, რომელიც კარცენოგენულია. შებოლილი საკვები ასაკში იწვევს პრობლემებს - პოდაგრულ და სხვადასხვაგვარ ართრიტებს. იწევს შარდმჟავის დონე. მას მოჰყვება მარილების კრისტალების დაგროვება სახსრებში, ძვლებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ახალგაზრდობიდან არ მიზრუნია ამ ყველაფერზე. ვიცოდი, მაგრამ მაინც ქართულად ვცხოვრობდი. ხომ იცით, ჯანი რომ გაქვს, ტვინი არ გაქვს, ახლა ჯანი რომ ნელ-ნელა მცირდება, ტვინი იმატებს. უკვე ჯანის დაზოგვაზე გადავედი. ასეა ცხოვრება.
ალკოჰოლური სასმელების დალევაც შევზღუდე. ახალგაზრდობაში ხშირად ვქეიფობდი. არ მიმაიმუნია, ნარკოტიკი არც გამისინჯავს. სიგარეტს 30 წელია არ ვეწევი.
შემოქმედებითი კუთხით გაჩერებული ვარ. ამ სიცარიელეს კითხვით ვივსებ. სამედიცინო ლიტერატურას ვეცნობი, ასევე იურისპრუდენციას და ეკონომიკურ ლიტერატურას. პროფესიით ეკონომისტი ვარ. მედიცინა კი სულ მაინტერესებდა და ცუდი ექიმი არ გამოვიდოდი. ბებია ექიმი იყო და სახლში სამედიცინო ლიტერატურა გვქონდა, მეც ვკითხულობდი. ჩუმად რატომ ვკითხულობდი, ეს არ ვიცი.
ყველა ახალგაზრდას ერთ რამეს ვურჩევ, სამი სფერო დილეტანტის დონეზე მაინც იცოდნენ - მედიცინა, ეკონომიკა და იურისპუდენცია.
გასტროლებზე და ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტებზე უარს არასდროს ვამბობ. კოვიდამდე მონაკოში ვიყავი მიწვევით. საოცრად შეგვხდნენ მსმენელები. ნამყოფი ვარ საბერძნეთში, ისრაელში, საფრანგეთში... მაყურებელი იმ უხილავ ენერგეტიკას გრძნობს, რომელიც მომღერლისგან, ცოცხლად შესრულების დროს გადაეცემა. მე ყოველთვის ცოცხლად ვმღერი. ეს ჩემი ჩვეული ფორმაა. მაყურებელი ყველგან კარგია, მთავარია შენ როგორ მიაწვდი. ცუდი მუსიკა არ არსებობს, არის ცუდი შემსრულებელი. შეიძლება იყოს მდარე ხარისხის მუსიკა, მაგრამ მაღალ დონეზე შეასრულო.
საიუბილეო თარიღზე, მაგალითად, 70 წლის ასაკისთვის მსურს კონცერტის ჩატარება. ფორმა, ადგილი, კონტექსტი ჯერ არაფერი დამიგეგმავს, ეს მხოლოდ სურვილია. ვნახოთ.