„დილაობით მეეზოვე მეკითხება, დღეს დარტყმული ხარო?“ - გაიცანით 68 წლის მოხულიგნო ენათმეცნიერი, რომელსაც სიმღერის დაწერის პირველი მუზა მეუღლის გარდაცვალებიდან ათ დღეში მოუვიდა

manana

ენათმეცნიერსა და ფსიქოლოგს, მანანა ბაქრაძეს, მეუღლის გარდაცვალებიდან ათ დღეში, სიმღერის დაწერის მუზა ცხოვრებაში პირველად ეწვია. ქმრის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, რამაზ ჭილაიას წასვლამ, 68 წლის მანანა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. დაწერა სიმღერები, რომელთა გაორკესტრება ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის, ხოლო მათზე გადაღებული ვიდეორგოლები კი ზაზას მეუღლეს, მარინა სალუქვაძეს. 

მანანა საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს წევრი გახდა და 19 ოქტომბერს, სწორედ ამ ასოციაციამ წარუდგინა საზოგადოებას ბაქრაძის, როგორც ახალი ავტორის დებიუტი.

დებიუტი კი მანანა ბაქრაძის სიმღერებზე გადაღებული ვიდეო-ფილმებისა და მათზე თან დართული მოკლე ისტორიები გახლდათ.

ავტორებმა ექვსი სიმღერის ვიდეორგოლი წარმოადგინეს. სიმღერების შემსრულებლები ამ პროექტის მუსიკალური პროდიუსერის, ზაზა მარჯანიშვილის მიერ არიან შერჩეულნი. ესენი არიან - ეკა დოლიძე, მაგდა ივანიშვილი, სალომე წულუკიძე, ანდრია გველესიანი, ლევან ჯაფარიძე, კატო გიორგაძე.

იყო პრეზენტაცია სიმღერისა „მანანალენდი“, რომელიც ამ სადებიუტო ნამუშევრებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მანანა არაორდინარული ადამიანის შთაბეჭდილებას მაშინვე ტოვებს. აქა-იქ ხმარობს სლენგებს, უშუალოა, თავისუფალი. და მასთან ურთიერთობის სურვილს გიჩენს. აქვს ერთი სიმღერა - „ტვისტი“, რომლის წინასიტყვაობაშიც ამბობს, რომ ამ ცეკვაში მაგარია. მისგან ვიგებთ, რომ რამაზ ჭილაიაც კარგად ცეკვავდა „ტვისტს“ და ამერიკაში ცხოვრებისას, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში გამართულ „ტვისტის“ ტურნირში, პრიზიც აიღეს.

ახალ ავტორს გზა დაულოცეს პროფესიონალმა ავტორ-შემსრულებლებმა.

დათო ევგენიძე: ის ხიბლი, რომელიც ჩვენს თბილისს ჰქონდა, მანანას სიმღერებში უცებ გამოჩნდა. ეს დიდი ბედნიერებაა. საოცრებაა მუსიკასთან ტექსტის შერწყმა. დღევანდელ ქართულ სივრცეს და სიმღერას მანანა ბაქრაძე შეემატა და ეს კარგი სიახლეა.

ჯემალ სეფიაშვილი: მანანა დიდხანს ცხოვრობდა ამერიკაში. იქ მიიღო განათლება, იქ დაიხუნძლა. დღეს სამშობლოში დიდ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. თუმცა ახლახან დაიწყო სიმღერების წერა. მე მომწონს ეს სიმღერები. მის მუსიკას ეტყობა, რომ ავტორი ამერიკაში ცხოვრობდა. ამის სურნელი დაჰყვება.

მარინა სალუქვაძე: მანანას სიმღერებს გაორკესტრება ზაზა მარჯანიშვილმა გაუკეთა. შემდეგ ურჩია შემსრულებლები, ვის რომელი სიმღერა მოუხდებოდა. ყველა საოცრად ასრულებს. ორი ქართულენოვანი სიმღერაა, ოთხი - ინგლისური. ვიდეოკლიპები მე გადავიღე. განათლებით კინემატოგრაფისტი ვარ და ძველ გამოცდილებას მივუბრუნდი. სამი თვე წაიღო ნამუშევრებმა. პოსტფროდაქშენიც მე მეკუთვნის. ჩვენი კომპანია „ZMG არტი“ დაკავებულია ფესტივალების, სპექტაკლების, ვიდეოპროდუქციის წარმოებით. ეს ვიდეორგოლებიც ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტია.

მანანა ბაქრაძე თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე „პრაიმტაიმის“ მკითხველს უყვება.

- მეუღლის გარდაცვალებიდან ათი დღე იყო გასული, სიმღერა I Wish რომ „მოვიდა“. არ ვიცი, ეს ტკივილის შედეგი იყო თუ რისი, მაგრამ ასე მოხდა. აქ რაიმე რომანტიკა არ ყოფილა. დავჯექი და დავწერე ტექსტი. მერე მივხვდი, რომ მას მელოდია უნდა დაერთოს თან. და „მოვიდა“ მელოდია. მერე მიჰყვა სხვა სიმღერები... მრცხვენია ხმამაღლა თქმა, მაგრამ არც მიფიქრია, სწრაფად დავწერე ტექსტები. ეს პროცესი კი სლენგზე რომ ვთქვა - მე ვა სე ბა!

მანამდე სიმღერასთან არანაირი შეხება არ მქონია. სუფრასთანაც კი არ მიმღერია. არც წამიღიღინია. არც ახლა ვმღერი. მრცხვენია. მუსიკალური განათლება მაქვს, მაგრამ ნოტებით ვერ ვწერ. როდესაც მუსიკის წერის მუზა მოდის, ვიღებ ტელეფონს და მასში წამღერებით ვიწერ მოტივს. ზოგჯერ ჯერ მელოდია მოდის, შემდეგ ტექსტი, ზოგჯერ - პირიქით. ხშირად ქუჩაში ხდება ეს პროცესი და კურიოზულია. 

მაგალითად, დილით მივდივარ სამსახურში, „მოდის“ მელოდია, ვიღებ ტელეფონს და ვწერ. მეეზოვე მიყურებს, როგორც გიჟს. მანანა რას აკეთებო, მეკითხება ნოდარა. ნოდარ, რაღაცამ დამარტყა და ჩავწერე-მეთქი, ვეუბნები. მას შემდეგ დილაობით მეკითხება, დღეს დარტყმული ხარ თუ არაო?

ერთხელ ტაქსიში ვზივარ. მოვიდა მუზა, ჩავწერე. მძღოლი სარკეში მიყურებს. რა თქმა უნდა, არაადეკვატურ ადამიანად მივაჩნივარ. მოტრიალდა და მეუბნება - ქალბატონო, ნუ ღელავთ, იმღერეთ, იცეკვეთ, გავიხარებთ, ოღონდ ახლა ეს ტაბლეტი მიიღეთ და უკეთ გახდებითო და ანალგინს მაძლევს...

ჭავჭავაძის პროსპექტზე სადარბაზოს კარი ღია დამხვდა, შევვარდი და სასწრაფოდ ჩავწერე იმ წამს მოსული მელოდია. პირველი სართულის კარი გაიღო, გამოიხედა ქალმა, დამინახა რომ ტელეფონში ვმღერი და უცებ მიაჯახუნა კარი. მერე ფრთხილად გააღო და რა გინდათ აქო? - დამიყვირა. ნუ ღელავთ-მეთქი, ვუთხარი და ავუხსენი, რას ვაკეთებდი. გამოვიდა ფრთხილად და კედელ-კედელ სიარულით გავიდა სადარბაზოდან. ასეთი კურიოზები ხშირია, თუ იმ მომენტში არ დავაფიქსირე მელოდია, მერე გარბის აზრი, მუზა. იგივე ხდება ვთქვათ, კარტოფილის შეწვის დროსაც. მივრბივარ და ვიწერ.

მე მინდა ვიყო მაგალითი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული, უჭირს და ფიქრობს, რომ აღარაა საჭირო, არ იცის რა ქნას. თურმე ყველაფერი წინ არის. ახლაც ვიცი, რომ ბევრი რამაა წინ. მე ვერ ვიტან სიტყვას „მოვასწრებ“. ეს სიტყვა ჩემთვის არ არსებობს. მე ვამბობ - ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. ეს გეგმა არ არის, ასე მოდის და ვაკეთებ.

სულ მაქვს საქმე ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან. ისინი არ მიგიღებენ, როცა შენში ძველი თაობის მიდგომებს შეიგრძნობენ. ამიტომ მე ძალიან სწრაფად გადმოვედი თანამედროვე რელსებზე და ამით ბედნიერი ვარ. მთავარია, სულით იყო ახალგაზრდა.

მე ჩემი 68 წელი არ მაწუხებს. ამაში, ალბათ, ამერიკაში ცხოვრების წლები დამეხმარა. თუმცა ქართულ გამოცდილებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

მე ვარ ცვლილებების ადამიანი. მოცემულობას უნდა მოერგო, რომ გვერდზე არ დარჩე.

პრეზენტაციაზე მანანამ არაერთხელ ახსენა ქმარი. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ წყვილის სიყვარულის ისტორიით დავინტერესდი და „ლავსთორის“ მოყოლა ვთხოვე.

მანანა ბაქრაძე: იმ დროს ეს წარმოუდგენელი იყო, 70-აინი წლებია, მე და ჩემი მეუღლე კი გაცნობიდან ათ დღეში დავქორწინდით. და მას შემდეგ 46 წელიწადი მეგობრობაში გავატარეთ. პაწაწუნა კინკლაობა ხუთ წუთში შერიგებით სრულდებოდა. 

რამაზ ჭილაიას ოჯახი ქალაქში ცნობილი იყო. ერთმანეთი უნივერსიტეტში მეგობარმა გაგვაცნო. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა წიგნი, რომელსაც მე ვეძებდი და სახლში დამპატიჟა - წითელ შამპანურსა და ყავაზე. წითელი შამპანური იმ დროს დიდი სიახლე იყო. ვისაუბრეთ, კლიმტის და მონდრიანის არაჩვეულებრივი რეპროდუქციები მაჩუქა და წამოვედი. მეორე დღეს რიხტერი ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმში კონცერტს მართავდა, წავედით. მერე კინოში „რომეო და ჯულიეტა“ ვნახეთ, რომელიც ახალი გამოსული იყო. ასე ლამაზად გავიდა ათი დღე და რამაზ ჭილაიამ მითხრა, ხვალ შენს მშობლებთან მოვდივარო. მამამ პურმარილი გაშალა, რამაზმა კი ჩემი ხელი სთხოვა. ძალიან მეგობრული მშობლები მყავდა, ჩვენს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობით. მამამ ხელი შეგვიწყო. მე 20 წლის ვიყავი, რამაზი - 24 წლის. გვყავს ერთი ვაჟი, ანდრო ჭილაია. 

არ ვიცი, ამ ახალ საქმიანობაზე რას მეტყოდა. ის ჩემთან ერთად იყო ყოველთვის, ახალ-ახალ წამოწყებებში, მათ შორის, გიჟურ წამოწყებებშიც. მე ცოტა „მოხულიგნო“ ადამიანი ვარ. გეტყვით, რომ ის ჩემთან ერთად იქნებოდა. სასწაული იყო ჩემთვის და ალბათ, ზემოდან მეხმარება ახლაც.

რთულია მძიმე სიტუაციის გადალახვა, საყვარელი ადამიანების წასვლა, მაგრამ ნეგატივში დარჩენა, კიდევ უფრო რთულია. ჩემი რჩევაა - ნაკლები ლაპარაკი ნეგატივზე, ნეგატიურ ამბებზე. მეგობრები „პოზიტივას“ მეძახიან. ჩემი დევიზია - ყველაფერს ეშველება, ყველაფერი წინ არის!

წავიდა მეუღლე და ხომ ხედავთ, მე სიმღერების წერა დავიწყე! მე ჩემს თავს ვეხმარები ბევრი სირთულის გადალახვაში, სხვა გზა არ არის...