„ჯერ ხომ დაიბოღმნენ ჩემს ამღერებაზე და ახლა ამას რომ წაიკითხავენ, მომღერლები სულ გაგიჟდებიან“ - გიორგი ნაზღაიძე

nazgaidze

ამღერებულმა გიორგი ნაზღაიძემ ბევრი კომპლიმენტი მიიღო. ნინო ჩხეიძესთან ერთად შესრულებული "სანამ დროა" მსმენელმა უკვე აიტაცა და შეიძლება ითქვას, ჰიტადაც იქცა. სოციალურ ქსელებში აზიარებენ, ტიკ-ტოკზე აშარჟებენ და ასე შემდეგ. მოკლედ, "ღამის პრაიმტაიმის" ექსპერიმენტმა გაამართლა. 

თუმცა, გიორგის ამღერებას მხოლოდ დადებითი შეფასებები არ მოჰყოლია და როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, მომღერლები ცოტა "დაიბოღმნენ" კიდეც.

გიორგი ნაზღაიძე: - ძალიან კომფორტული იყო ნინო ჩხეიძესთან და ბექა ნიკოლაიშვილთან (არანჟირების ავტორი) ერთად მუშაობა. აქამდე სიმღერის ჩაწერასთან დაკავშირებით ნული გამოცდილება მქონდა. ღიღინით სულ ვღიღინებ, სულ ვყროყინებ, მაგრამ მთელი საქართველოს წინაშე რომ უნდა მემღერა და თან რომ ვიცი, ქართველი მსმენელი როგორი კრიტიკულია, ეს ფაქტორი რთულად მეჩვენებოდა. თუმცა მაინც გავბედე. ძალიან შემიწყეს ხელი. ნინოს და ბექას დახმარებით კარგი გამოვიდა. სიმღერაც მოვიხდინე.

ხალხს ჰგონია, მომღერლობას ვაპირებ. "სხვანაირი" შეფასება დაიწყეს - ახლა ამან სიმღერა დაიწყო, ამას ხომ პატრონი ჰყავს, ნახე, რას ნიშნავს ფულიო და ასე შემდეგ... იყო ამგვარი შეფასებებიც. თუმცა, მიხარია, რომ უმეტესად დადებითი შეფასებები მოჰყვა. 

- სიმღერის გაგრძელებაზე ფიქრობ?

- რატომაც არა. მერე ისრაელში წავალ კონცერტებზე (იცინის). ემიგრანტებს ვუყვარვარ, მეც მიყვარს ისინი; წავალ, ვუმღერებ და გავახარებ. ახლა ამას რომ წაიკითხავენ, მომღერლები სულ გაგიჟდებიან. ხომ იცით, ჩემი ამღერებით, მომღერლები უფრო დაიბოღმნენ, ვიდრე სხვები. ეტყობა, გამომივიდა. და ჯერ ხომ დაიბოღმნენ და ახლა ისრაელში მიდისო რომ წაიკითხავენ, წარმოიდგინეთ... 

ნინომ მომწერა, იუთუბის ტოპ ქართულ სიმღერებში, ჩვენი დუეტი უკვე მეათე ადგილას ყოფილა. ორ დღეში 50 ათასამდე ნახვა მოიპოვა. ტიკ ტოკზე ამ სიმღერაზე დუეტებს აკეთებენ, მომნიშნეს არაერთხელ, მომწონს.

კარგი შედეგი აქვს. ამ სიმღერის ჩაწერის მისიაც ეგ იყო, უნდა ყოფილიყო პოზიტიური, მხიარული, უდარდელი და დასამახსოვრებელი (ასეც მოხდა) და არა ის, რომ ხვალ გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე უნდა წავიდე. ვინც სწორად მიიღო მიხარია და ვინც ვერ მიიღო, რა ვქნა?!

მე წამყვანის ამპლუაში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ტელე სივრცეში პირველად ვარ. 22 წლის წინ ვიყავი ტელევიზორში, მამუკა ღლონტის "მაესტროში", მერე - "მზეზე". კარგი გამოცდილება მაქვს და თანაც პირდაპირი ეთერების. შესვენების შემდეგ მქონდა ისეთი განცდა, თავიდან რომ ფეხს აიდგამს ბავშვი. მით უმეტეს, როდესაც კარგი ხელმძღვანელობა, გუნდი გყავს, მუშაობა კომფორტულია. 

რეალით შოუზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, არაჩვეულებრივი თანაწმაყვანი მყავს - მარიამ სანოგო. უყვარს ყველაფერი რომ იდეალურადაა, ჩასწორებულ-დავარცხნილი. მოკლედ, მადლობა ყველას "რუსთავი 2-ში", საქმე მარტო არასდროს კეთდება, საქმე კეთდება გუნდურად.