,,გიორგობას რომ გაჩნდა, გიორგი უნდა დამერქმია... მაგრამ უცებ გოგონა დაიბადა..." - ნანა ლორთქიფანიძე ქალიშვილზე

nana

ქეთი წიქვაძე, რომელიც ლეკას როლით გაიცნო ტელე მაყურებელმა, 6 მაისს იუბილარია. 

ნანა ლორთქიფანიძე 24 წლის იყო ნანატრი შვილი რომ გააჩინა. როგორც მსახიობი პრაიმტაიმთან ამბობს, მისი დაჟინებული თხოვნით არ გახდა ქეთი მსახიობი, თუმცა "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშმა ისე მოწამლა, რომ ეკრანზე გამოჩენის სურვილი ისევ აქვს.

ნანა ლორთქიფანიძე: – ქეთიმდე სამჯერ მომეშალა მუცელი და ამდენად, ქეთის მოვლინება ჩემთვის საოცარი რამ იყო, როგორც ყველა დედისთვის თავისი შვილი.

მაშინ სქესს ექოსკოპიით ვერ ადგენდნენ, მე კი რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭს ვაჩენდი. ისეთ დარტყმებს მიკეთებდა მუცელში, რომ მეგონა კაცი მეჯდა. გიორგობას რომ გაჩნდა, გიორგი უნდა დამერქმია. მაგრამ უცებ გოგონა დაიბადა და დედაჩემის სახელი – ქეთევანი დავარქვი.

მშვიდი იყო, მის ხელში უძილო ღამეები არ მახსოვს. წყნარი და ჭკვიანი იყო.

ხასიათით ძლიერია, შეიძლება უცებ, პატარა რამეზე უცებ წახდეს, მაგრამ იცის, როგორ აიყვანოს თავი ხელში და როგორ გააგრძელოს.

აქვს თავისი პატარა, მაგრამ წარმატებული ბიზნესი. ამასობაში დიზაინერადაც ჩამოყალიბდა. მოენატრა ეკრანი, მსახიობობა ძალიან გაუტკბა.

მსახიობობა უნდოდა, მაგრამ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და სულ ვუხსნიდი, რომ ტაშთან და ყვავილებთან ერთად, ამ პროფესიას ბევრი ბრძოლა და გულისტკივილი ახლავს თან-მეთქი. მე ჩემი ქალიშვილი ამისთვის არ მემეტებოდა.

“ჩემი ცოლის დაქალებში” ნორმალურად თამაშობდა, არაფერი გაუფუჭებია. პოპულარული გახდა და მიხარია ის, რომ სერიოზულად ეკიდებოდა საქმეს.

რაც შეეხება 6 მაისს, ძალიან უყვარს საკუთარი დაბადების დღე. დღეს თორმეტ საათზე, 6 მაისს ერთად შეხვდებიან მეგობრები, ხვალაც აღნიშნავენ და ასე, ორ დღიანი დაბადების დღეს აღნიშნავს. 

განსაკუთრებულად გვიყვარს წმინდა გიორგი და თავის ვაჟს გიორგი დაარქვა. მეორე ვაჟს ილია ჰქვია, ქეთის გარდაცვლილი მამის სახელი. 

- მის პირადში სიახლე ხომ არ არის?

- რაც არის, დიდი ხანია გრძელდება. სიახლე არაფერია. ბევრი წელია ჰყავს მეგობარი, უყვართ ერთმანეთი და ერთად არიან. მე რომ ვხედავ, ჩემი შვილი ბედნიერია, მეც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მიხარია, როდესაც თბილად და ყურადღებით ექცევიან. მთავარია, ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს და შვილები ჰყავდეს ჯანმრთელი. კიდევ, ჩემი თავი უცოცხლოს ღმერთმა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გამოვადგები დიდ ხანს.